ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა


მთავრობებმა და ჯანდაცვის სისტემებმა ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდისთვის მზადება ახლავე უნდა დაიწყონ

7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაბადების დღეს იხდის. ორგანიზაციის განცხადებით დედამიწაზე მოსახლეობის საშუალო ასაკი თანდათან იზრდება, განვითარებად ქვეყნებშიც კი. 60 წელზე ზევით მსოფლიოს მკვიდრთა რაოდენობა 1980 წლის მონაცემთან შედარებით გაორმაგდა. 2050 წლისთვის 80 წლის ასაკის ზევით ადამიანთა რიცხვი დედამიწაზე ოთხჯერ გაიზრდება, 65 წლის ზემოთ კი 80 პროცენტით მოიმატებს.

შელბი ჰარისს დაბადების დღეს უხდიან. ის 111 წლის გახდა. მისი საიდუმლო?

„ვცდილობ სწორი ცხოვრებით ვიცხოვრო. სიმართლით, სიყვარულით. ყველა მიყვარს და მინდა, რომ ყველას ვუყვარდე" - ამბობს შელბი.

ექსპერტები მსგავს პოზიტიურ განწყობას და ცხოვრების წესს სიცოცხლის გახანგრძლივების და კარგი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ. ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენს და რამდენად სწრაფად დავდივართ ფეხით.

ამბობენ, რომ პოზიტიური განწყობა იმუნიტეტს აძლიერებს. სიარულის სისწრაფე კი იმაზე მიანიშნებს, თუ როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემა.

ეს მხოლოდ ორი ფაქტორია და სპეციალისტების თქმით, მათი სია, რა თქმა უნდა ბევრად უფრო დიდი და კომპლექსურია. ასეა თუ ისე, ექიმი ნეილ ბუქჰოლდსი შეერთებული შტატების ხანდაზმულთა ეროვნული ინსტიტუტიდან ამბობს, რომ მსოფლიოს მთავრობებმა და ჯანდაცვის სისტემებმა ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდისთვის მზადება ახლავე უნდა დაიწყონ.

ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვი არამარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. შეერთებულ შტატებში ყველაზე სწრაფად მზარდი ასაკობრივი ჯგუფი არის ის ხალხი, ვინც 85 წლის ზევითაა“ - ამბობს ექიმი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით შემდეგი 5 წლის განმავლობაში 65 წლის ზევით ადამიანთა რაოდენობა 5 წლამდე ასაკის ბავშვების რიცხვს გადააჭარბებს. სწორედ ამ ფაქტზე აკეთებს აქცენტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად.

ექიმი ენრიკე ვეგა ორგანიზაციაში პან-ამერიკული განყოფილების ხანდაზმულთა მოვლის სპეციალისტია. “ასაკთან და ტკივილთან, ან ასაკთან და დაავადებასთან კავშირი არ აღინიშნება “ - აცხადებს ის და განმარტავს: ტკივილის და დაავადების მკურნალობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ჯანმრთელი ცხოვრების წესი იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის პერიოდშიც სოციალურად და ფიზიკურად აქტიურები უნდა დავრჩეთ და სოფტბოლის გუნდზე გვიყვება, რომელშიც მოთამაშეთა უმეტესობა 60-დან 70 წლამდე ასაკისაა. ერთ-ერთი მათგანი, შირლი ტომფსონი 75 წლისაა.

„თითებში ართრიტი მაქვს. შეხედეთ კვანძებს ჩემს თითებზე. თამაში რევმატიზმს ძალიან უხდება, ტკივილები შედარებით ასატანი გახდა“ - ამბობს ის.

ექიმი ენრიკე ვეგა აღნიშნავს, რომ პაციენტებს საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობების შესახებ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

„ქრონიკული დაავადებების მოვლა კომპლექსური პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ ის უუნარობის პრევენციას ახდენს. ამისთვის ხანდაზმული მოსახლეობა უნდა წინასწარ მომზადდეს“ - ამბობს სპეციალისტი და დასძენს, რომ ეს საქმე ჯანდაცვის სისტემის მიერ სპეციალური, მიზნობრივი პროექტების საშუალებით უნდა განხორციელდეს.

„ამჟამად ისინი მზად არ არიან. და ეს სისტემის მთავარი სისუსტეა. თუმცა, თადარიგს თუ დროულად დავიჭერთ, სახელმწიფოს მათი მოვლა მომავალში ბევრად უფრო იაფი დაუჯდება“ - აღნიშნავს ექიმი.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დაბადების დღეზე მთელი ყურადღება ჯანმრთელი ცხოვრების წესით დაბერების საკითხებზე გამახვილებულიყო.

XS
SM
MD
LG