თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, ნიგერიაში სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა. კვირას წმიდა ფინბარის კათოლიკურ ეკლესიასთან მომხდარი მორიგი აფეთქება მხოლოდ ერთია იმ ათეულობით ტერორისტულ აქტს შორის, რომელიც ქალაქ ჯოსში ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის არსებული რელიგიური დაპირისპირების გამო ხდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია, მაგრამ მსგავსი აფეთქებების მიღმა, ნიგერიაში როგორც წესი „ბოკო ჰარამი“ დგას. ისლამურმა სექტამ პასუხისმგებლობა ბოლოს 26 თებერვლის ტერორისტულ აქტზე იკისრა.
800 ადამიანი დაიღუპა 2009 წელს მომხდარ ყველაზე დიდ დაპირისპირებაში. შემდეგ იყო 2010 წლის აფეთქებები, რომელმაც 86 ადამიანი შეიწირა. ტერორისტული ორგანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა 2011 წელს. ივნისიდან დეკემბრამდე მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში „ბოკო ჰარამის“ ანგარიშზე სხვადასხვა ქალაქებში განხორციელებული ათამდე აფეთქებაა, რომლებშიც 174 მოქალაქე დაიღუპა.