ამერიკის შეერთებული შტატები თანახმაა ამერიკული დაკავების ცენტრი, რომელიც ავღანეთშია განლაგებული, ავღანეთის ხელისუფლებას გადასცეს, რაც ვაშინგტონის აზრით ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებას კარგ ნიადაგს მოუმზადებს.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა აბდულ რაჰიმ ვარდაკმა და ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გენერალმა ჯონ ალენმა, დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი ბაღრამის საჰაერო ბაზაზე განლაგებული ამერიკული სატუსაღოს ავღანეთის კონტროლქვეშ გადაცემის თაობაზე. ალენმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორობის მოლაპარაკებებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და სრულად ითვალისწინებს ლოია ჯირგასა და ავღანეთის პრეზიდენტის მოთხოვნებს.