ევროკავშირის ორდღიან სამიტზე ეკონომიკური ბლოკის ლიდერებმა სერბეთს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. სერბეთის მთავრობამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები წარმატებით გაატარა და ევროკავშირის მოთხოვნით ომის დანაშაულების ჩამდენი პირები დააპატიმრა.
ევროკავშირის პრეზიდეტნი ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, სერბეთს „მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს,“ მათ შორის, კოსოვოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
„იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი სერბეთს დამატებით მიზეზს მისცემს იმისთვის, რომ გააგრძელოს ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური სტანდარტების დანერგვა. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ბელგრადი დადებით ურთიერთობებს გააგრძელებს ბალკანეთის სხვა ქვეყნებთანაც.“
ბრიუსელში გამართული სამიტის ძირითადი თემა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. ევროკავშირმა საბერძნეთისთვის მორიგი მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფა ერთი კვირით გადადო, თუმცა ათენმა ქება დაიმსახურა განხორციელებული საბიუჯეტო შეკვეცების გამო.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრაბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა კრიზისიდან გამოსვლის გზების დასახვის ეტაპი გაიარა და ახლა გრძელვადაენი წინსვლის გეგმას იმიმუშავებს:
„როგორც იქნა დადგა დრო, როცა ევროპის ლიდერები ევროპისა და ჩვენი კავშირის მომავალზე და არა კრიზისზე საუბრობენ.“
ევროკავშირს ჯერ კიდევ ბევრი ეკონომიკური საკითხი აქვს გადასაჭრელი, მათ შორის დასაქმების პრობლემაც. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, ევროზონის 17 ქვეყანაში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ფიქსირდება.