ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნიკალური მცენარეები


უნიკალური მცენარეები
უნიკალური მცენარეები

ჰავაის ოთახში უამრავი სიმწვანეა. თვალის მომჭრელი ფერის ყვავილებში პატარა ჩანჩქერიც მოსჩქეფს.

შეერთებული შტატების ბოტანიკური ბაღი ქალაქ ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მას პატარა სამოთხეს ეძახიან. თითქმის ორასწლოვანი ისტორიის მანძილზე ბოტანიკური ბაღის კოლექციაში რამდენიმე სრულიად უნიკალური ჯიშის მცენარე მოხვდა.

ჰავაის ოთახში უამრავი სიმწვანეა. თვალის მომჭრელი ფერის ყვავილებში პატარა ჩანჩქერიც მოსჩქეფს.

ჰავაის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე პატარა მიწა აქვს, მაგრამ იქ გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეების ყველაზე დიდი რაოდენობაცაა. რასაც აქ ხედავთ, თითქმის ყველა მცნარე რისკის ქვეშაა.“

ამბობს ბოტანიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი, რეი მინსი და მაგალითისთვის გვიჩვენებს ბრიგამიას, კომბოსტოსმაგვარ მცენარეს, რომელსაც მაღალი ღერო აქვს და თავზე ყვავილი გვირგვინივით ადგას. ჰავაიზე მიწების გამუდმებით საძოვრებად გამოყენებამ უვარგისი გახადა. მტაცებლური ხასიათის მცენარეებმაც შედარებით სუსტები დაჩაგრეს. ბუნებრივი ბალანსი მცენარეებს და დამმტვერებს შორის დაირღვა.

„ამ მცენარის ნატურალური დამმტვერი გადაშენდა. ასე რომ, მისი გამრავლების ბუნებრივი ხერხი აღარ არსებობს. მხოლოდ ხელოვნურ პირობებში შეიძლება მათი გამრავლება და შენარჩუნება“ .

სწორედ ამისთვის არსებობს ბოტანიკური ბაღები, ამბობს ბატონი რეი, რომ გადავარჩინოთ ბრიგანიასნაირი მცენარეები. ჩვენ მათ არამარტო საკუთარი ბაღისთვის ვაშენებთ, არამედ ვამრავლებთ და გვინდა ისინი ველურ სამყაროს დავუბრუნოთ. ერთი ბრიგამია მარტო, დამმტვერის გარეშე, ვერ იცოცხლებს. მაგრამ თუ მათ დიდ გუნდს დავრგავთ, მათი გადარჩენის შანსი ერთიორად გაიზრდება.

უდაბნოს გამოფენაზე უიშვიათესი ველვიჩიაა წარმოდგენილი. მას ხშირად უდაბნოს ხახვსაც უწოდებენ. ველვიჩია ანტილოპების და მარტორქების საყვარელი საჭმელია და ის ნამიბიის და ანგოლას მწირ მიწებზე ხარობს. მცენარის გადარჩენისთვის თურმე სანაპიროს ნისლი ყოფილა აუცილებელი.

ბატონი რეი გვიხსნის, რომ ველვიჩიას რამდენიმე წელი შეუძლია უწყლოდ გაძლება. მისი ფოთლები ისეა განლაგებული, რომ წყალი რაც შეიძლება ღრმად, ცენტრში შეინახოს. ველვიჩია წითელ წიგნში ჯერ არ არის შეყვანილი, მაგრამ მისი რაოდენობა თანდათან მცირდება, ამიტომ მეცნიერებმა ზრუნვა ნაადრევად დაიწყეს. ვაშინგტონის ბოტანიკურ ბაღში ველვიჩიებს ულამაზესი ყვავილები აქვთ გამოსხმული.

აქ აყვავებული ორქიდეების მთელი ტყეც ვნახეთ. როგორც გვითხრეს, ბაღში 5 ათასამდე ორქიდეაა, რომლებიც სტუმრების ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ორქიდეების დიდი რაოდენობაც გადაშენების რისკის ქვეშაა. ბატონი რეის თქმით, - ძირითადად უკანონო კოლექციონერების გამო. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დამთვალიერებლის ყურადღება ამ პრობლემისკენ მიმართონ.

„იმედი გვაქვს ხალხი შეხედავს ამ სილამაზეს, დააფასებს მას და დაფიქრდება იმაზე, რომ ჩვენ კი არ უნდა დავაზიანოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ ბუნებას და გადავარჩინოთ სილამაზე და სიცოცხლე დედამიწაზე“ - ამბობს ბატონი რეი.

ნენსი გეიერი, ბაღში მოსული დამთვალიერებელი მას ეთანხმება. ნენსის თქმით ის, რაც დედამიწიდან გაქრება, უკან აღარასოდეს დაბრუნდება. ყველაფერს ხომ თავისი დანიშნულება აქვს და ყველანაირი სიცოცხლე სამყაროში ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

XS
SM
MD
LG