მსოფლიოს უდიდესი გემთმფლობელები დღემდე ვერ გამოსულან შოკიდან სომალელი მეკობრეების მიერ, ბერძნული სუპერტანკერის Irene SL-ის დატყვევების გამო. 333 მეტრიან სუპერტანკერს ქუვეითიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 270 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, რომლის საბაზრო ღირებულება - 200 მილიონი ამერიკული დოლარია.
თავად, 2004 წელს გერმანიაში აგებული „ირენ ეს-ელის“ ფასი კი 60 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, 260 მილიონი დოლარის ქონება მეკობრეებს ე.წ მთავარ საზღვაო მაგისტრალზე, არაბეთის ზღვაში ჩაუვარდათ ხელში.
სპარსეთის ყურედან ნავთობით დატვირთული ტანკერები სუეცის არხამდე სწორედ ამ გზით სარგებლობენ და აქამდე ეს მაგისტრალი ყველაზე დაცულ საზღვაო მარშრუტად ითვლებოდა. კონკრეტულად საქართველოსთვის თავდასხმა იმით არის საყურადღებო, რომ მეკობრეებმა კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე, მეზღვაური გიორგი ჭკადუა დაატყვევეს. ეს ცნობა საბერძნეთსა და ხორვატიაში საქართველოს კონსულმა თამარ ღვინაძემ დაადასტურა:
„ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად მივიღეთ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შესაბამისად, თავად გემთმფლობელმა კომპანიამაც მოგვაწოდა ცნობა, რომ ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის 25 წევრიდან, 17 ფილიპინელი, 7 ბერძენი და ერთი ქართველია, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჭკადუა.
ამ ეტაპზე, ყველა მეზღვაურის მდომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოვლენათა განვითარების მიხედვით შეგატყობინებთ არც მოხდება.“
29 წლის გიორგი ჭკადუა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრია და მეზღვაურად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი ბერძნულმა კომპანია Enesel SA-მ დაიქირავა, რომელიც სუპერტანკერ Irene SL-ის ოპერატორია.
ქუვეითში დატვირთული ტანკერი თავდაპირველად არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნავსადგურ ფუჯალაჰში შეჩერდა, საიდანაც გეზი სუეცის არხისკენ აიღო. სუპერტანკერთან კავშირი 9 თებერვალს, დღის 12 საათზე გაწყდა. თავდასხმა ომანის სანაპიროდან 200 მილის მოშორებით მოხდა. დავით ფეიქრიშვილი, დატყვევებული მეზღვაურის ახლო ნათესავი ამბობს:
„გიორგი ჩემი მამიდაშვილია. დაახლოებით სამი კვირის წინა წავიდა საბერძნეთში. მე ტელეფონით დამეკონტაქტა. შემდეგში, 10 დღის უკან მამამისმა მითხრა, რომ ასევე ელაპარაკა. საერთოდ ხშირად მიდიოდა ნაოსნობაში, ამ საუბრების მერე კონტაქტი აღარ გვქონია მასთან. მომხდარის შესახებ შევიტყვეთ ტელევიზიით სახელის და გვარის გამოცხადების შემდეგ.“
სუპერტანკერზე დაახლოებით 30-მდე მეკობრე იმყოფება. ეს ინფორმაცია სომალიში მეკობრეების წამომადგენელმა მოჰამედ საიდმა გაავრცელა. მანვე განაცხადა, რომ მეკობრეებს ტანკერი სომალის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ გარაკანის სანაპიროსკენ მიჰყავთ და მოლაპარაკებები გემთფლობელთან მალე დაიწყება.
გარაკანი - სომალის ერთ-ერთი უკონტროლო ადმინისტრაციული ერთეულის - მუდუქის შემადგენლობაში შედის. ბოლო წლებში, ეს მხარე მეზობელ პუნტლენდთან ერთად, მეკობრეობის მექად გადაიქცა. თავად სუპერტანკერის ეკიპაჟთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დატყვევებულის დედა ნელი ფეიქრიშვილი ამბობს:
„არ არის დიდი ხანი რაც წავიდა. ჩემს შვილს დიდი ხანია აქვს საზღვაო კომპანიებთან ურთიერთობა, ძალიან დიდი ხანია, უკვე რამოდენიმე წელია და მუშაობს. სისტემატიურად მუშაობს და ეხლაც ერთ რიგით რეისში წავიდა.“
თელაველი გიორგი ჭკადუა მე-17 ქართველი გახდა, რომელიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდა. 2010 წლის, 8 სექტემბრიდან ტყვეობაში ბერძნულ ტანკერ „ოლიბ ჯის“ თხუთმეტი ქართველი მეზღვაური იმყოფება.
მეკობრეები გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვენ და მოლაპარაკება უკვე მეექვსე თვეა უშედეგოდ გრძელდება. კიდევ ერთი ქართველი - ბათუმელი ოლეგ ნოდია კი 11 ნოემბრიდან ტუნისულ ტანკერ „ჰანიბალ ორზეა“ დატყვევებული. მისი გათავისუფლების პერსპექტივა საერთოდ ბურუსით არის მოცული.
ეკონომიკის მინისტრი ვერონიკა ქობალია აღიარებს, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ იპოვა ამ ურთულესი პრობლემის მოგვარების გზები:
„ძალიამ მტკივნეული თემა არის ყველასთვის და ნამდვილად არ გადის დღე, რომ ჩვენ არ გვემსჯელოს თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ქართველი მეზღაურებისთვის. როდესაც ვიყავი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, ამ თემაზეც ვისაუბრე; ევროკომისიაში ყოფნისას ამ თემაზე კომისართან ვისაუბრე; აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ ამ თემას.
სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი გადავწყიტოთ. როგორც იცით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოსასყიდი გადაიხადოს, აქ საუბარი არ არის თანხის ოდენობაზე, საუბარია იმაზე, რომ მეკობრეებისთვის თანხას სახელმწიფო ვერ გამოყოფს. ამიტომ ვცდოლობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დახმარებით გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.“
მსოფლიოს გემთმფლობელთა უდიდესმა გაერთიანებებმა, მათ შორის, „ინტერტანკომ“ და „ბალტიისა და საერთაშორისო საზღვაო საბჭომ“ უკვე მოუწოდეს სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებს მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა გააფართოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გემთმფლობელები ინდოეთი-აფრიკის საზღვაო მარშუტის შეცვლით იმუქრებიან, ეს კი ნავთობის იმპორტის და შესაბამისად, ნავთობის ფასის გაზრდას გამოიწვევს.
ზღვაოსნობის ისტორიაში, ბერძნული Irene SL რიგით მეოთხე სუპერტანკერი გახდა, რომელიც მეკობრეებმა დაატყვევეს. წინა სამი დატყვევებული სუპერტანკერის - Sirius Star-ის, „მარან ცანტარიუსის“ და „სიმჰო დრიმის“ განთავისუფლებაში, მეკობრეებმა გამოსასყიდის სახით, საერთო ჯამში თითქმის 20 მილიონი ამერიკული დოლარი აიღეს.
რეკორდი „სიმჰო დრიმს“ ეკუთვნის, რომლის გამოსასყიდის თანხამ 9,5 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა დღეს, „ირენ ეს-ელის“ დატყვევების შემდეგ, ყველა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს რეკორდი მალე მოიხსნება.