ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი, ევროკავშირი და ნატო


ანკარა ნატოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერთა ჩასვლის წინააღმდეგი იყო

ჩიკაგოში ნატოს მოახლოებულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერების დასწრების საკითხი უკვე გადაწყდა, თუმცა მწვავე დისპუტის შემდეგ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გავლენიანი წევრი თურქეთი, ევროკავშირის ლიდერთა სამიტში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა ჰერმან ვან რომპოიმ ნატოს სამიტზე დასწრების მოსაწვევი სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს. დაყოვნების მიზეზი თურქეთის პოზიცია იყო.

„ბევრ ქვეყანას უკვირს თუ რატომ არიან ევროკავშირის ლიდერები მოწვეული, მაშინ როცა ჯერ ნატოს გენერალური მდივანსაც კი არ მიუღია მოწვევა. მეორე საკითხია, თუ რატომ არ არიან მოწვეული ის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებიც ურთიერთობენ ნატოსთან,“ - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი სელჯუკ უნალი.

მისი თქმით, ჩიხური ვითარება განმუხტა შეთანხმებამ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ლიდერები სამიტის გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო სამუშაო სესიები მათთვის დახურული იქნება.

როგორც ყოფილი თურქი დიპლომატი სინან ულგენი აცხადებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გაჭიანურება, თურქული პოზიციისთვის უმთავრესი ფაქტორია.

„ეს მიუთითებს, თუ რამდენად გაღრმავებულია ფრუსტრაცია და ანტაგონიზმიც კი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და ეს არის ნეგატიური გარემოს გამოხატულება, როდესაც ანკარა ცდილობს ნატოს ბერკეტის გამოყენებას, რათა ევროკავშირზე ზეწოლა განახორციელოს. ყველა ვარიანტში, ჩვენ ვხედავთ თურქეთის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას,“ - აცხადებს ულგენი.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები აცხადებენ, ანკარას ევროკავშირთან დაპირისპირების საფუძველს თურქეთის რეგიონალური მნიშვნელობის გაძლიერება წარმოადგენს. თურქეთი ესაზღვრება სირიას, ერაყს და ირანს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის ქარიზმატული ლიდერის რეჯებ ტაიპ ერდოღანის გავლენა იმ არაბულ ქვეყნებშიც იზრდება, სადაც რევოლუციების შედეგად რეჟიმები შეიცვალა. ანკარას სტრატეგიული მოკავშირეობა უაღრესად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვისაც.

სტამბოლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჩენგიზ აქთარი ამბობს, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა ანკარას მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. მისი თქმით, ამ ვითარებას ანკარა საკუთარი მიზნებისთვის წარმატებით იყენებს.

„თურქეთის მსგავსად ნატოში მყოფმა ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, უნდა დაიცვან საკუთარი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები, რასაც მათ ნატოს წევრობა აძლევთ,“ - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

თურქეთის როლი ნატოს ოპერაციებში კოსოვოდან დაწყებული და ავღანეთით დამთავრებული, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს კი თურქეთისთვის ევროკავშირთან მეტოქეობის ძლიერ სტიმულს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG