ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საით მიდის უკრაინა?


საით მიდის უკრაინა?
საით მიდის უკრაინა?

პრეზიდენტი იანუკოვიჩის ოპონენტები აცხადებენ, რომ უკრაინაში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება. მთავრობის მომხრეებს კი ქვეყანაში სტაბილურობის იმედი აქვთ. უკრაინული პოლიტიკის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

პრეზიდენტ იანუკოვიჩის ოპონენტები აცხადებენ, რომ უკრაინაში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება. მთავრობის მომხრეებს კი ქვეყანაში სტაბილურობის იმედი აქვთ. ურაინული პოლიტიკის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ეიფორია უკრაინაში 5 წელი გრძელდებოდა. ბოლოს, გასულ წელს უკრაინელებმა ცვლილებებს მისცეს ხმა. თუმცა, არჩევნებში პროდასავლელი პოლიტიკოსი და რევოლუციის თანაავტორი იულია ტიმოშენკო დამარცხდა და პრორუსულმა კონსერვატორმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. დემოკრატიის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ უკრაინაში არსებული ვითარება თავისუფალიდან ნახევრადთავისუფლამდე ჩამოაქვეითა. ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე კი უკრაინა 42 პუნქტით შეააფასა და მედიათავისუფლების მიხედვით 131 ადგილზე დააყენა. ნატალია ლიგაჩოვა, რომელიც კიევში მოძრაობის „შეაჩერე ცენზურა“ წევრია, ამბობს:

“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინის მთავრობას რუსეთის ხელისუფლების მსგავსად ინფორმაციაზე ცენზურის და მონოპოლიის დაწესების სურვილი აქვს. ძირითადი სამიზნე ტელევიზიაა, ასევე ნაკლებად თავისუფალი ხდება ბეჭდური და ინტერნეტ მედია“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ვოლოშინი ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედი ჟურნალისტების და უფლებათადამცველების უმრავლესობა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მხარდამჭერები არიან და ხელისუფლების შეცვლა მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

„როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში სადაც პოლიტიკური ქაოსია, როგორც ჩვენ ხუთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით, ამ ქაოსის ნებისმიერი სახით შეზღუდვა ჟურნალისტებისთვის პრესის თავისუფლების შეზღუდვის გრძნობას იწვევს,“- აცხადებს ვოლოშინი.

უკრაინელ დიპლომატებს მუდმივად უწევთ თავდაცვის პოზიციაში ყოფნა. შეერთებული შტატების საელჩომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის შეჩერება მოთხოვა. ევროკავშირმა კი ნათლად განაცხადა, რომ დემოკრატია და უკრაინასთან დადებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ურთიერთკავშირშია. თუმცა, ამას ხელისუფლებაზე არ უმოქმედია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენეკოს და ზოგიერთი ექსმინისტრის წინაღმდეგ დაწყებული გამოძიება კვლავ გრძელდება.

„ის ფიქრობს, რომ ახალ რკინის ფარდას აშენებს. ეს ადამიანი კვლავ საბჭოთა სტილით ცხოვრობს და აზროვნებს, “ - ეს განცხადება იულია ტიმოშენკომ თავის ოფისში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა, მას შემდეგ რაც უშიშროების სამსახურმა მისი პარტიის მთავარი სერვერის შემოწმება მოითხოვა. ტიმოშენკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს ტირანი უწოდა.

„პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პირველივე წელი ეს არ იყო არც რეფორმების, გარდაქმნების და სტაბილურობის ზრდის პერიოდი. ეს იმ ავტორიტარული მმართველობის დამყარებით აღინიშნა, რომელსაც თავად წარმოადგენს,“ - აცხადებს ტიმოშენკო.

ოლეგ ვოლოშინი ამბობს, რომ იმ პოლიტიკოსების მიმართ გამოძიების დაწყება ვინც თანამედებობას ტოვებს, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

„როგორ შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკურ დევნაზე? მისი (იულია ტიმოშენკოს) რეიტინგი იზრდება, ის აწყობს დემონსტრაციებს, ხვდება უცხოელ ჟურნალისტებს, იძლევა ინტერვიუებს,“- ამბობს ვოლოშინი.

ბევრი უკრაინელს უჩნდება კითხვა, მიყავს თუ არა იანუკოვიჩს უკრაინა პუტინის რუსეთის მიმართულებით. რუსი ჟურნალისტი ევგენი კისილიოვი ამაზე სულაც არ დარდობს. ის კიევში პოლიტიკურ თოქშოუს უძღვება და უკრაინას ბელგიას და კანადას ადარებს. მსგავსების მიზეზი ლინგვისტურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაშია.

„ფაქტია, რომ უკრაინა განსხვავებული რეგიონების, ჯგუფების, რელიგიების, ინტერესების ერთობლიობაა. ეს ქვეყნისთვის ბუნების საჩუქარია. მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინაში პუტინის სცენარი შესაძლებელია,“ - ამბობს კისილიოვი.

მისი აზრით, იანუკოვიჩს ოთხი წლის შემდეგ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. ასეთ შემთხვევაში მას ხელახლა არჩევის გარანტია არ ექნება.

XS
SM
MD
LG