13 ნოემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ცნობილი ქართველი მწერალი, მთარმგნელი და ესთეტი თამაზ ჩხენკელი. ამერიკის ხმის არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიხა გეგეშიძემ ბატონ თამაზს ჩამოართვა.
მიხა გეგეშიძე: ბატონო თამაზ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვენ წერთ, რომ ქართველები მცირერიცხოვანი ხალხი ვართ, მსოფლიოს დღევანდელი მოსახლეობის მეათასედზე ნაკლები, ხალხი რომლის რასას და ენას ნათესავი არ ჰყავს მზის ქვეშეთში, ხალხი რომელიც გეოპოლიტიკურად მოქცეულია ენობრივი, რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავებული, ხოლო ზოგჯერ მისდამი დაპირისპირებული ხალხების გარემოცვაში, ეს უნდა გვახსოვდეს აღნიშნავთ თქვენ. სამწუხაროდ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს დღევანდელ მესვეურთ არცა აქვთ გააზრებული ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მთელი სიმწვავე, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით ისაუბრეთ ამ საკითხის გარშემო.
თამაზ ჩხენკელი: მცირერიცხოვან ერებში ყოველთვის უნდა იყოს კარგად გადანაწილებული სიმდიდრე მოსახლეობაში, ეს ერთი და მისი კულტურა, მისი ენა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე, ამას უნდა ექცეოდეს უდიდესი ყურადღება. მით უმეტეს დღევანდელი კულტურის მოძალების ფონზე...იმიტომ რომ არის დიდი ენები, არის საერთაშორისო ენები, ისეთი როგორიცა არის ინგლისური, რუსული, ფრანგული, აი ამ ენების წინაშე მცირერიცხოვანი ხალხის ენა ყოველთვის შეიძლება დაიჩაგროს. ამიტომ ეროვნული კულტურა, ეროვნული ენა უნდა იყოს მაღალ დონეზე და უნდა ექცეოდეს ამას დიდი ყურადღება.
მიხა გეგეშიძე: ბატონო თამაზ თქვენ ერთგან აღნიშნავთ რომ ქართველები ვცხოვრობთ ექსტრემალურ სიტუაციაში, თუ ვერ დავძლევთ უცხო კულტურულ ექსპანსიას. ერთი თაობის შემდეგ ქართველის მენტალიტეტი მუტაციის ისეთი წნეხის ქვეშ მოექცევა, საიდანაც თავს ვეღარ დაიძვრენს.
თამაზ ჩხენკელი: რა თქმა უნდა, ცხადია. ახლა უყურეთ თქვენ, საშინელი მოძალებაა, ჩვენი ტელევიზია, ჩვენი მასმედია არ აკეთებს სწორედ მაგ საქმეს. რა არის საჭირო, ისედაც დღევანდელ მსოფლიოში, ცხადია ვერ იცხოვრებ, რომ არ გაიზიარო ის მიმდინარეობანი, ის თვალსაზრისები რომელიც ტრიალებს ვთქვათ, დასავლურ სამყაროში, დემოკრატიულ ქვეყნებში.მაგრამ საჭიროა, ამას კი არ დაუპირისპირო, არამედ გარკვეული ჯებირი შექმნა შენი ენისა და შენი კულტურის სახით. აუცილებელია იმ მდარე ხარისხოვანი მასკულტურის მოძალების ფონზე, რომელიც დღეს ხდება საქართველოში ეს არის პირდაპირ წარმოუდგენელი რამე, მთელი ტელევიზია ჩვენი არის 80% ამ მდარე ხარისხოვანი ფილმების, მდარე ხარისხოვანი მუსიკის და სხვადსხვა სახის აი ასეთი პროდუქციის არენა . ამას წინათ პარლამენტში იყო განხილული რამდენი პროცენტი უნდა დაეთმოს ეროვნულ პროდუქციას ტელევიზიაში. მე მიმაჩნია რომ ეს არის საკითხის უცნაური დაყენება, რატომ უნდა განისაზღვროს ეს? პროცენტულად უმრავლესობა უნდა იყოს ეროვნული პროდუქცია. აქ უნდა იყოს გადმოცემული საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოს შესახებ საინტერესო ლექციები. დაჟინებული ლაპარაკია, როგორც საბჭოთა დროს ისე ახლაც, რომ საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა, რას ნიშნავს ეს? ყველა ქვეყანა მრავალეროვანია. ამას წინათ ერთი სომეხი დიპლომატი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ სომხეთი მრავალეროვანი ქვეყანაა, სომხეთში ასამდე სხადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. მართალია, მაგრამ ეს ასამდე უცხო წარმომავლობის ადამიანი არის პროცენტ ნახევარი. საქართველოში, თუ არ ვიგულისხმებთ ჩვენ შაჰ აბასის მიერ ჩამოსახლებულ თურქმენებს, რომლებიც ეხლა აზერბაიჯანელებად იწერებიან და რუსეთის იმპერიის მიერ ჩამოსახლებულ, მე19 საუკუნის 30-იან წლებში სომხებს, 250 000 კაცი ცხოვრობს ჯავახეთში...საქართველო ეთნიკურად ეს არის მთლიანი ქვეყანა, მხოლოდ აი ეს ორი... იმიტომ რომ აფხაზები არიან 70 000 კაცი, აფხაზები სხვათაშორის არიან საქართველოს მოსახლეობის პროცენტნახევარი და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია არის 11%. ზღვის სანაპიროს ნახევარზე მეტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას უჭირავს, ამიტომ ჩვენ ამ ქვეყანას ვერ დავთმობთ. არა მარტო ამიტომ, არამედ იმიტომაც, რომ აფხაზები და ქართველები ათასი და მეტი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ერთნაირი ტრადიციები აქვთ. არც ერთ ჩრდილოელ კავკასიელ ტომს სამ ხმიანი სიმღერა არა აქვს აფხაზების გარდა. იმ ოსებს, რომლებიც შიდა ქარლთში ცხოვრობენ აგრეთვე აქვთ სამ ხმიანი სიმღერა. სხვაგან არსად არ არის. სოხუმი რომ დაეცა 93 წელს ოქტომბერში, მე დეკემბერში მქონდა ინტერვიუ, სადაც შემეკითხნენ რას ფიქრობთო ამ საკითხზე და მე ვუთხარი საჭიროა ფუნდამენტური შერიგება, ფუნდამენტური. რა გახდა ასეთი?რომ ვერ მოვრიგდეთ და ვერ შევრიგდეთ, რა უნდა იყოს ასეთი?