თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ძალაუფლების განაწილება დასავლეთიდან სხვაგან გადადის. მისი თქმით, მიზიდულობის ცენტრი აზიისა და ზოგადად აღმოსავლეთისკენ იხრება. ლონდონში გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა აღნიშნა, რომ ვიდრე ძალაუფლების ახალი ბალანსი ჩამოყალიბდება, მსოფლიო მრავალ გლობალურ და რეგიონალურ შოკს გადაიტანს.
"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ბრიტანეთის დედაქალაქში მიიწვიეს იმის გამო, რომ მას კვლევითი ორგანიზაცია „ჩათამ ჰაუსის“ პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. „ჩათამ ჰაუსის“ წევრებმა აბდულა გიულს საპატიო ჯილდო გადასცეს იმის გამო, რომ მათი აზრით, მან თურქეთში შემრიგებლობისა და ზომიერების გავრცელებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„ჩათამ ჰაუსის“ წევრების წინაშე გამოსვლისას ბატონმა გიულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა:
„დღეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა დემოკრატიულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე გადის. ამდენად დღესდღეობით ისეთი ფასეულობების უგულვებელყოფა,როგორიც არის კანონის უზენაესობა, პოლიტიკური პლურალიზმი, თანასწორუფლებიანობა და აზრთა სხვადასხვაობისადმი პატივისცემა დაუშვებელია,“ განაცხადა აბდულა გიულმა.
მისი თქმით, მსოფლიო ამჟამად არასრულ წონასწორობას განიცდის. ცივი ომის შემდგომ პერიოდში ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ორ ზესახელმწიფოს შორის პაექრობას უკვე კარგა ხანია აღარ შეიცავს. მისი თქმით:
„ძალაუფლების საერთაშორისო ბალანსში დასავლეთის შედარებითი წონა თანდათან მცირდება. ისეთი აღმავალი სახელმწიფოების ძალისხმევით, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების მიზიდულობის ცენტრი აზიისა და აღმოსავლეთისკენ გადადის.“
ეს კი სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროკავშირისთვის თურქეთის გაწევრიანებას აუცილებელს ხდის. გიულს მიაჩნია, რომ თუ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, ეს 21 საუკუნის პირველი მეოთხედის ისტორიული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი წყალგამყოფი მოვლენა იქნება. ამასთან დაკავშირებით, მან დასძინა:
„თურქეთის გაწევრიანების შედეგად, ევროკავშირი კი არ დასუსტდება, არამედ პირიქით პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდება.“
აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები თურქეთსა და ევროკავშირს შორის ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, შემდეგი 10 წლის მანძილზე თურქეთის გაწევრიანება ნაკლებად შესაძლებელია. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, საფრანგეთის წინააღმდეგობას ასახელებენ. ამას გარდა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებს თურქეთში პოლიტიკური და სამოქალაქო ინსტიტუტების სიმყიფე ადარდებთ. ევროპელები ხშირად თურქეთის სასამართლო სისტემასთან და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამენ.
ბატონმა გიულმა აღიარა, რომ თურქეთს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში აზრის გამოხატვის თავისუფლება არსებობს.