ყოველ წელს შეერთებული შტატების მთავრობა 50,000 საიმიგრაციო ვიზას გამოყოფს, რომელიც ლატარიის სახით ნაწილდება იმ ქვეყნების მოქალაქეებს შორის საიდანაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დონე დაბალია.
შეერთებული შტატების კონგრესმა ხსენებული ლატარია 1990 წელს დაარსა იმის აღსანიშნავად, რომ ამერიკა იმიგრანტების ნაკადის მრავალფეროვნებას ყოველთვის მიესალმება. „თავდაპირველი იდეა იმიგრანტების შემადგენლობის მრავალფეროვნებას ემსახურებოდა,“ აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზების საკითხების სპეციალისტმა ჯონ ვილკოკმა. სავიზო ლატარიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, საიდანაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასულ იმიგრანტთა რიცხვი 50,000-ზე ნაკლებია. ამდენად ის ქვეყნები საიდანაც იმიგრანტების ნაკადი მაღალია ლატარიიდან გამორიცხულია.
ყოველი ამგვარი ლატარიის ოფიციალური სახელი შესაბამის საბიუჯეტო წელიწადს უკავშირდება. მოახლოვებული სავიზო ლატარია ოფიციალურად ცნობილია Diversity Visa 2012-ის სახელწოდებით რადგან საიმიგრაციო ვიზები 2012 წელს იქნება გაცემული. აღსანიშნავია, რომ 2012 საბიუჯეტო წელიწადი 2011 წლის 1 ოქტომბერს იწყება და 2012 წლის 30 სექტემბერს სრულდება.
ლატარიაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ გვერდზე. ამ ვებ გვერდის მისამართია www.dvlottery.state.gov სარეგისტრაციო მოთხოვნების მიღება შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დროით შუადღეს სამშაბათს, 2010 წლის 5 ოქტომბერს დაიწყება და 2010 წლის 3 ნოემბერს იმავე დროს დასრულდება. სარეგისტრაციო მოთხოვნების მიღება მხოლოდ ამ შუალედში მოხდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ლატარიაში მონაწილე ყოველი პირი მიიღებს რეგისტრაციის დასრულების დამადასტურებელ ინდივიდუალურ ნომერს.
ლატარიაში მონაწილეების მსურველებმა სარეგისტრაციო პერიოდის ბოლო კვირას არ უნდა ელოდონ რადგან ბოლო კვირის მანძილზე მზარდი მოთხოვნის გამო არ არის გამორიცხული, რომ ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლა გართულდეს.
2010 წლის 11 მაისიდან მოყოლებული ლატარეაში მონაწილე პირებს შეუძლიათ შეამოწმონ საკუთარი სტატუსი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე მისამართზე www.dvlottery.state.gov ამ ვებ გვერდზე გასვლის შემდეგ ლატარიაში მონაწილე პირს შეუძლია დააჭიროს ბმულს სახელწოდებით Status Check, სადაც მან უნდა შეიყვანოს ინდივიდუალური რეგისტრაციის დასრულების დამადასტურებელი ნომერი. ამასობაში ხსენებულ ვებ გვერდზე გასული წლის ლატარიასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნდება. ლატარიაში გამარჯვებული პირები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო საიმიგრაციო ვიზის მოსაპოვებლად მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
ლატარიაში გამარჯვებასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინება ჩვეულებრივი ფოსტით არ გაიგზავნება. ამას გარდა ლატარეაში მონაწილე პირები არ მიიღებენ არანაირ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით პირადი ინფორმაციის წარდგენის თხოვნით. ლატარიაში მონაწილეობა უფასოა და ისინი, ვინც მასში მონაწილეობას აპირებენ, ლატარიასთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ უნდა იცოდნენ. ლატარიაში მონაწილე პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ მხოლოდ მაშინ როცა გამარჯვების შემდეგ ისინი საიმიგრაციო ვიზის მოსაპოვებლად ინტერვიუს გასავლელად საელჩოსა თუ საკონსულოში წარსდგებიან.
სავიზო ლატარია მსოფლიოს ერთ გზავნილს უგზავნის - რომ შეერთებული შტატების იმიგრანტების მრავალფეროვნებას აფასებს და ყველა ქვეყნისა და კულტურის იმიგრანტებს ღებულობს.