ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. ვიზიტის მნიშვნელობაზე ამერიკას ხმას ინტერვიუ პოლიტიკის ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ მისცა:
-„ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ამერიკის ადმინისტრაციისა და მთელი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ ბრძოლის სწრაფვის გზაზე და ასევე იმ დემოკრატიული რეფორმებისა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში. ეს შეხვედრა ძირითადად შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველო-აშშ-–ის სტრატეგიულ ქარტიასთან დაკავშირებული საკითხები, ქარტიის ფარგლებში მუშაობის გაგრძელებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის პერსპექტივები, ასევე ავღანეთის ოპერაციაში თანამშრომლობის დეტალები, საქართველოს ნატო-სკენ დაჩქარებული სვლის პროცესი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების დეტალები, რომელიც ალბათ უახლოეს მომავლში შედგება."
ბატონმა ედიშერმა ასევე ისაუბრა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და რეგინალური უსაფრთხოების საკითხებზე:
-„მოგეხსენებათ, რომ საქართველო იმყოფება უმნიშვნელოვანეს რეგიონში. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ამ რეგიონში ამერიკას აქვს თავისი მეტად მნიშვნელოვანი ინტერესები. ასე რომ ამერიკა-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა თავისთავად ნიშნავს რეგიონში მშვიდობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში, ვინაიდან აქ არსებობს საშიშრობა იმისა, რომ გარკვეულმა ძალებმა დაძაბონ სიტუაცია და ამით სიტუაცია დაიძაბება არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მიმდებარე რეგიონებშიც. მოგეხსენებათ თუ რა მდგომარეობაა დღეს ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ არაბულ სამყაროში. სწორედ ამიტომ გაესვა ხაზი ამ შეხვედრებისას კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ რეგიონალური უსაფრთხოება კავკასიაში როგორც ამერიკისათვის, ისე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს. აქედან გამომდირე, შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ აშშ არის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და ამავე დროს დემოკრატიული პროცესების განვითარების გარანტი. „