ჯერ-ჯერობით არავის აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა დომოდედოვოს აეროპორტში მოწყობილი ტერაქტისათვის. როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს - წინასწარი მოკვლევის თანახმად აქ ჩეჩენ ტერორისტთა ხელი არ ურევია. ვინ დგას ორშაბათს მოსკოვის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების მიღმა? რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ამ საკითხზე? ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი ნატოს საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი საუბრობს: -"ძალინ რთულია გამოიცნო რუსეთის ხელისუფლების ლოგიკა. როდესაც წინასწარ ამბობენ, რომ ჩეჩნურ კვალს გამორიცხავენ, ესეიგი უნდა ვეძებოთ ახალი კვალი. პირველივე დღიდან, პირადად მე და არა მხოლოდ მე, ველოდი და ველოდები იმას, რომ ეს კვალი წამოიყვანს რუს გამომძიებლებს საქართველოსკენ და არ გამიკვირდება, რომ აღმოჩნდეს ისე, რომ დომოდედოვოში თავი აიფეთქა ქართველმა. პუტინის ლოგიკის გამოცნობა ძალიან ძნელია."
კითხვაზე თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ასეთი სახის ტერაქტებმა 2014 წელს დანიშნულ ზამთრის ოლიმპიაზე სოჭში და რუსეთში უცხოურ ინვესტიციებზე, თენგიზმა გვიპასუხა: -"ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ რუსეთმა ოლიმპიადის ჩატარების უფლება დაუმსახურებლად მიიღო. ახლა ამ უფლების ჩამორთმევა ან ოლიმპიადის მიმართულების შეცვლა უკვე მეორეხარისხოვანი მოვლენაა. დასავლეთში ძალიან ბევრ ქვეყანას არა აქვს მორალური წინააღმდეგობა რუსეთთან იმ სახის თანამშრომლობის გამო, რომელიც დღეს რეალურად აქვთ მოსკოვთან. შეიძლება პრაგმატიკოსები ვუწოდოთ მათ, შეიძლება უპრინციპოები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფაქტია."
თენგიზი ინტერვიუში ასევე საფრანგეთის მიერ რუსეთისადმი მისტრალის მიყიდვის თემასაც შეეხო: -"ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს არ ეშინოდეთ მისტრალის, ეს არის ის, რომ რუსეთი უნდა დაექვემდებაროს დემოკრატიულ კონტროლს. სანამ ეს ასე არ იქნება მისტრალის გარეშეც რუსეთი იქნება ქვეყანა, რომლის ნაბიჯის გათვლაც იქნება ძალიან რთული. საქართველოს რაც შეეხება კონკრეტულად, პირველი მისტრალი ნამდვილად არ განლაგდება შავ ზღვაში, რადგანც ეს არ არის ისეთი დახურული სივრცის გემი, როგორიც არის შავი ზღვა. იგი გაცილებით უფრო დიდი აკვატორიისთვის არის გათვლილი, მაგალითად ოკეანეებისთვის და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირველი მისტრალი განთავსდება წყნარ ოკეანეში, მეორე მისტრალი განთავსდება ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეში, ხოლო შემდგომ რა იქნება ეს ჯერ-ჯერობით გაურკვეველია."