ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპის ერთგულია


პრეზიდენტი ობამას გამოსვლა პრაღაში. 2009 წ.
პრეზიდენტი ობამას გამოსვლა პრაღაში. 2009 წ.

შემდეგი ეტაპი ბირთვული განიარაღებაა, რომელმაც ატომური იარაღის გავრცელება უნდა შეზღუდოს

2009 წელს პრაღაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დედამიწაზე მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარების და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპების ერთგული რჩება:

ათასობით ბირთვული იარაღის არსებობა ცივი ომის ყველაზე საშიში მემკვიდრეობაა... როგორც მის ერთადერთ გამომყენებელ სახელმწიფოს, შეერთებულ შტატებს მოქმედების მორალური პასუხისმგებლობა გვაკისრია. მარტო წარმატებას ვერ მივაღწევთ, მაგრამ შეგვიძლია პროცესი დავიწყოთ და მას გავუძღვეთ“.

მას შემდეგ ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისთვის რამდენიმე ნიშანდობლივი ნაბიჯი გადადგეს. მათ შორის იყო ორი შეთანხმება შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის, სახელწოდებით „ახალი დასაწყისი“ და მეორე - „ამერიკა-რუსეთის პლუტონიუმის მართვის და განლაგების შეთანხმება“. ეს უკანასკნელი რამდენიმე ათასი ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმის გაუვნებელყოფას განაპირობებს. ორივე შეთანხმება ძალაში 2011 წელს შევიდა.

შემდეგი ეტაპი ატომური განიარაღებაა, რომელმაც ასევე ბირთვული იარაღის გავრცელება უნდა შეზღუდოს. ეს არის მრავალმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ატომური იარაღის შექმნისთვის საჭირო ელემენტების წარმოება უნდა შეწყდეს.

„ბირთვული საწვავის პროდუქციის წარმოების შედეგი კონტროლირებადი უნდა იყოს, თუკი მართლაც ისეთი სამყაროს შექმნა გვსურს, რომელშიც ბირთვული იარაღი აღარ იარსებებს“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეიარაღების კონტროლის, აღრიცხვის და თავსებადობის საკითხებში, როუზ გოტმოლერი. ამ სიტყვებით მან 2012 წლის იანვარში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული განიარაღების კონფერენცია გახსნა.

ბირთვული საწვავის წარმოების შემცირების შეთანხმება პრეზიდენტის პრაღის ინიციატივის საძირკველია. თუმცა, განიარაღების კონფერენციაზე დაწყებულ მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანი საერთაშორისო საზოგადოებაში განიარაღების და მრავალმხრივი შეიარაღების კონტროლზე შეთანხმების მიღწევაა, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს.

გარკვეული გაღიზიანების მიუხედავად, რომელიც განიარაღების კონფერენციის უმოქმედობამ გამოიწვია, შეერთებული შტატები მაინც განიარაღების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას ხაზგასმით მხარს უჭერს. 5 მთავარი ბირთვული ძალა, ესენია: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა კონფერენციაზე ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შეხვდნენ, რათა ჩიხიდან გამოსვლის გზები დაესახათ და ბირთვული საწვავის წარმოების შემცირების შესახებ საბოლოო შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, „თუკი კონფერენცია ბირთვული საწვავის წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმებას წელს ვერ მოახერხებს, ამით ჩვენ კიდევ ერთხელ გადავდებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე... მონაწილეობა თითოეულმა ერმა უნდა მიიღოს, რათა ყველამ ერთად შევქმნათ იმის წინაპირობა, რომ დედამიწა ბირთვული იარაღისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს“ - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG