ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა სტამბოლში


კლინტონი ლავროვის ინიციატივას არ იზიარებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თურქეთში ევროპელ და არაბ კოლეგებთან მართავს შეხვედრებს. ისინი სირიაში შექმნილ ვითარებას და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის კარიერის დასრულების შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი სტამბოლიდან იუწყება, რუსეთმა სირიის შესახებ გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებებში ირანის ჩართვა მოითხოვა.

სტამბლოში გამართულ შეხვედრაში თურქეთის და შეერთებული შტატების გარდა ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომლებიც სირიის ოპოზიციას უჭერენ მხარს. ესენია: ეგვიპტე, მაროკო, საფრანგეთი, ყატარი, საუდის არაბეთი, გერმანია, იტალია, იორდანია, ტუნისი, დიდი ბრიტანეთი და გაერთიანებული საემიროები. კლინტონის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ხელისუფლებიდან ასადის წასვლას:

„ჩვენ ველით დამატებითი ზომების დაწესებას, რომელსაც გამოვიყენებთ ასადზე ზეწოლისა და ხალხის ტანჯვის შემსუბუქებისთვის. ასევე ჩვენ განვიხილავთ დემოკრატიული ცვლილების სტრატეგიის ძირითად ელემენტებს.“

მისი თქმით, პრეზიდენტ ასადის მიერ ხელისუფლების დატოვება არ არის მთავარი ქვეყანაში პოლიტიკური გარდაქმნების დასაწყებად, თუმცა ეს იქნება ტრანზიციის შედეგი.

სტამბოლში შეკრებილი ქვეყნების ჯგუფი საკუთარ თავს „სირიის მეგობრებს“ უწოდებს.

თუმცა, ამასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვს ოფიციალურ მოსკოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამ ჯგუფის რადიკალური მოთხოვნები ვერ ასახავს კონფლიქტის დარეგულირების სურვილს. ლავროვი დიდი საერთაშორისო შეხვედრის ინიციატივით გამოდის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც არაბული ლიგა და ისლამური კონფერენცია, ასევე ირანი.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ლავროვის ინიციატივა უსარგებლოა და ირანის ჩართვას არავითარი დადებითი შედეგი არ ექნება:

„რთულად წარმოსადგენია იმ ქვეყნის მოწვევა, რომელიც ასადის რეჟიმს საკუთარ ხალხზე შეტევაში ეხმარება“

ხვალ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაეროს და არაბული ლიგის სამშვიდობო დესპანს კოფი ანანს შეხვდება. განხილვის თემა კი, სირიის პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო ძალისხმევაში რუსეთის და ჩინეთის ჩართვა იქნება.

XS
SM
MD
LG