ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ეწია ობამას ეკონომიკის სტიმულირების გეგმას?


რა ბედი ეწია ობამას ეკონომიკის სტიმულირების გეგმას?
რა ბედი ეწია ობამას ეკონომიკის სტიმულირების გეგმას?

447-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს როგორც ინდივიდუალური გადამხდელებისთვის, ასევე იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან.

ამერიკის პრეზიდენტმა გასულ ხუთშაბათს კონგრესის სპეციალური გაერთიანებული სხდომა მოიწვია და მას ეკონომიკის განვითარების და შრომითი დასაქმების ფართომასშტაბიანი გეგმა წარუდგინა. მოხსენება ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. რიგითი ამერიკელების დიდ ნაწილს იმედი გაუჩნდა, რომ პრეზიდენტი და კონგრესი შეძლებენ დაღმავალი ეკონომიკური განვითარების შეჩერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ამერიკის პრეზიდენტს ხმაში სიფიცხე ეტყობოდა, როდესაც ის კანონმდებლებს მოუწოდებდა ქვეყნის საერთო ინტერესებისთვის პარტიული პრინციპები დროებით გვერდზე გადაედოთ:

ეს ნაბიჯები ახლავე შეგვიძლია გადავდგათ, რათა ხალხის ცხოვრება გავაუმჯობესოთ. კონგრესს მე ვუგზავნი გეგმას, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს“.

447-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს როგორც ინდივიდუალური გადამხდელებისთვის, ასევე იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან. გეგმა უმუშევრებს ფინანსურ დახმარებას გაუხანგრძლივებს და ქვეყნის ინფრასტრუქტურების გაუმჯობესების მიზნით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. შედარებით გრძელვადიანი პროექტი მდიდარი ამერიკელებისთვის შეღავათების მოხსნას და გადასახადის გაზრდასაც გულისხმობს.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი -ერიკ კანტორი- აცხადებს, რომ ის გადასახადთა შემცირების მომხრეა. თუმცა, არ ეთანხმება ინფრასტრუქტურების გაუმჯობესების მიზნით ფედერალური მთავრობისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტის წინა 878-მილიარდიანმა სტიმულირების პაკეტმა არ გაამართლა და უმუშევრობა ქვეყანაში ისევ 9 პროცენტიან ნიშნულზე დარჩა:

„სტიმულირების პროგრამა ჩავარდა. რატომ უნდა გვინდოდეს ისევ მსგავსი რამის გაკეთება“?

ეს შეკითხვა რესპუბლიკელების მიერ სენატშიც არაერთხელ დაისვა. იქ ისინი მართალია უმცირესობაში არიან, მაგრამ მაინც შეუძლიათ პროექტის დაბლოკვა.

სენატის საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ჯეფ სეშენსი, ამბობს, რომ ახალი პაკეტი იმ თანხებსაც გააბათილებს, რომლებიც გასულ თვეს ფედერალური საბიუჯეტო შეთანხმების შედეგად დაიზოგა.

დემოკრატი სენატორი მასაჩუსეტიდან -ჯონ კერი- ამტკიცებს, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე ეკონომიკა არამცთუ ადგილიდან არ დაიძვრება, არამედ ვარდნას განაგრძობს. დემოკრატები ასევე კატეგორიულად მოითხოვენ იმ შეღავათების გაუქმებას, რომლებიც ქვეყნის ყველაზე მდიდარ ფენას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში დაუწესდა.

ის, ვისაც ამერიკაში ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს, შეღავათის უფლებით ნებისმიერ რიგით ოჯახს უნდა გაუთანაბრდეს და რეცესიის გადალახვაში მოგვეხმაროს“.

განცხადება ილინოისელმა სენატორმა -რიჩარდ დურბინმა- გააკეთა.

ეს კვირა კონგრესმა ორი ცნობილი ეკონომისტის მოსმენებს დაუთმო, რომლებიც ფედერალური მთავრობის დანახარჯთა გაზრდის გეგმას აანალიზებდნენ. კონგრესის საბიუჯეტო სამსახურის მეთაურმა -დუგლას ელმენდორფმა- პრეზიდენტის მხარე დაიჭირა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღმასვლისთვის ობამას ახალი გეგმა ყველაზე ეფექტური იქნება. მას არ დაეთანხმა ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი -ალან გრინსფენი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მიღების შემთხვევაში გასავალი შემოსავალს აღემატება. „ჩვენი პრობლემა დანახარჯებია და არა - საგადასახადო შეღავათები“- ამბობს ის.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ საბიუჯეტო განხილვები, ისევე, როგორც ნებისმიერი პარტიული დაპირისპირების თემა წინასაარჩევნო კამპანიად განიხილება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი გეგმის სასწრაფოდ კენჭისყრაზე დაყენებას მოითხოვს. თეთრი სახლის სპიკერის, ჯეი კარნის, თქმით, პრეზიდენტი მზად არის კომპრომისულ ვარიანტსაც კი მოაწეროს ხელი.

XS
SM
MD
LG