ისრაელი მეზობელ სირიაში მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება. აღსანიშნავია, რომ 1967 წლის, ეგრეთ წოდებული, ექვს დღიანი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც ისრაელმა სირიას გოლანის მაღლობები წაართვა, ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული რჩება. თუმცა ხსენებულ სადავო სასაზღვრო რეგიონში ვითარება ძირითადად მშვიდია. ისრაელში შიშობენ, რომ სახალხო ამბოხება სირიაში ორმხრივ ურთიერთობას უფრო დაძაბავს.
დემილიტარიზებული ზონის ღობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი აბრა დგას, რაც იმით აიხნსება, რომ აქ ათწლეულების წინ მიწაში ნაღმების დიდი რაოდენობა დამარხეს.
დრუზებით დასახლებულ ქალაქ მაჯდალ შამსში მოღვაწე უფლებადამცველი სალმან ფაჰრ ელ დინი ინტერნეტის საშუალებით, სირიაში მიმდინარე ამბოხებას თვალ-ყურს ადევნებს. ქალაქ მაჯდალ შამსში მცხოვრები სხვა დრუზების მსგავსად, იგი თავს ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ სირიელ მოქალაქედ მიიჩნევს.
„ჩვენ იქ მიმდინარე მოვლენები ძალიან გვაღელვებს და გვაშფოთებს. ეს ხომ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხია“ -აღნიშნავს ელ დინი.
როგორც ჩანს, ისრაელში ამ შეშფოთებას სავსებით იზიარებენ. ისრაელის ლიდერები დიდი ყურადღებით აკვირდებიან სირიაში მიმდინარე მოვლენებს და ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. მათ არ სურთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე მიღწეული შედარებითი მყიფე სიმშვიდე გაუჩინარდეს.
ისრაელის პრემიერ მინისტრის პრეს მდივანმა მარკ რეგევმა ამასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა:
„ჩვენ საჯარო კომენტარი არ გაგვიკეთებია. არეულობამ რეგიონში ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები გამოიწვია და რეგიონის ყველა სახელმწიფოზე ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ჩვენ ამ პროცესებთან არაფერი გვაკავშირებს. უბრალოდ ხალხს პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებამოსილების მოპოვება სურს. ჩვენ ამ წმინდა არაბულ პროცესებში ჩართვა არანაირად არ გვსურს.“
პირად საუბრებში ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ არეულობამ სირიაში შეიძლება ორმხრივი ურთიერთობები უფრო დაძაბოს. მათ აინტერესებთ ის, თუ რა სახის მოწინააღმდეგე გახდება სირია მომავალში.
არავინ არ აკეთებს პროგნოზებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს. ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ეფრაიმ ჰალევიმ ამერიკის ხმას მოახსენა, რომ ისრაელის ლიდერების თავშეკავებულობა მდგომარეობის სრული გაურკვევლობით აიხსნება.
„იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ ფორმით ასადს პრეზიდენტის სავარძლის დატოვება მოუხდება, ჩვენ მთელი რიგი გაურკვეველი გამოწვევის წინაშე აღვმოჩნდებით. ჩვენ არ ვიცით ვინ მოვა სათავეში. ჩვენთვის უცნობია აგრეთვე ისიც, თუ რა შედარებით გავლენას მოახდენს მუსლიმთა საძმო, რომელიც იქ მოქმედებს, ან როგორ შეიცვლება სირიაზე ირანის გავლენა. ამდენად ჩვენ ამ მოვლენების მიმართ დიდი სიფრთხილე გვმართებს “ - აღნიშნა ეფრაიმ ჰალევიმ.
ასადის მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ისრაელისა და სირიის სამხედრო ძალების გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ათწლეულების მანძილზე სიმშვიდე სუფევს. მართალი სირია გოლანის მაღლობების დაბრუნებას ითხოვს, დამასკო პირდაპირი სამხედრო მოქმედებებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.