ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ არ მოსწონს დონალდ ტრამპი ზოგიერთ რესპუბლიკელს?


რატომ არ მოსწონს დონალდ ტრამპი ზოგიერთ რესპუბლიკელს?
რატომ არ მოსწონს დონალდ ტრამპი ზოგიერთ რესპუბლიკელს?

პოპულარული სატელევიზიო გადაცემის გამო ტრამპს ამერიკაში კარგად იცნობენ.

ნიუ იორკელი უძრავი საკუთრების მფლობელი და ამერიკული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ამ ბოლო ხანებში დიდ ყურადღებას იპყრობს იმის გამო, რომ მან შესაძლოა მომავალ წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მაგრამ ტრამპის კანდიდატურის შესაძლებლობა რესპუბლიკელებში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

დონალდ ტრამპს სხვა რესპუბლიკელ მეტოქეებთან შედარებით ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. პოპულარული სატელევიზიო გადაცემის გამო მას ამერიკაში კარგად იცნობენ.

ამ ფაქტორის გამო ახლახან ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ტრამპი პოპულარობის რეიტინგით დანარჩენ რესპუბლიკელ კანდიდატებს უსწრებს.

ტრამპს მხარდაჭერას ეგრეთწოდებული „ჩაის სმის“ მოძრაობის კონსერვატიულად განწყობილი წევრები უცხადებენ. აღსანიშნავია, რომ „ჩაის სმის“ აქტივისტებს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი და ცენტრალური მთავრობის გავლენა ადარდებთ.

ფლორიდაში „ჩაის სმის“ მოძრაობის ეგიდით გამართულ შეკრებაზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა:

„მთელი მსოფლიო დაგვცინის. ჩვენს ლიდერებს დასცინიან. ჩვენ ხარჯზე უპირატესობას აღწევენ, რაც სამარცხვინოა. თუ კენჭს ვიყრი და მოვიგებ, ჩვენი ქვეყანა პატივისცემას დაიბრუნებს და ჩინეთს, ოპეკსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ ხარჯზე მდიდრდებიან, სულ სხვანაირად მოვეპყრობი.“

ტრამპმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ივნისამდე გადაწყვიტავს. ამასობაში ზოგიერთ რესპუბლიკელს ტრამპის უხეში სტილი ხიბლავს. მათ მიაჩნიათ, რომ ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის აშკარად გამოირჩევა.

ტრამპმა დიდი აურზაური გამოიწვია როცა პრეზიდენტ ობამას დაბადების მოწმობაში ეჭვი შეიტანა. ობამას დაბადების მოწმობის თანახმად, იგი ჰავაის კუნძულებზე 1961 წელს დაიბადა.

„ობამას საკუთარი დაბადების მოწმობის წარდგენა არ სურს ან არ შეუძლია “ - განაცხადა ტრამპმა.

ჰავაის შტატის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ ობამას დაბადების მოწმობის უტყუარობა დაამოწმეს. ამას გარდა, ორ ადგილობრივ გაზეთში ობამას დაბადების მოწმობის ასლი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად არჩევის უფლება მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაბადებულ პირებს აქვთ.

ობამას დაბადების მოწმობაზე ყურადღების გამახვილების გამო, რამდენიმე ცნობილმა რესპუბლიკელმა ტრამპი გააკრიტიკა.

ტრამპის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა უტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ბობ ბენეტი, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის კანდიდატურას ემხრობა მიუხედავად იმისა, რომ რომნის საკუთარი კანდიდატურა ფორმალურად ჯერ არ წამოუყენებია.

ბენეტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების ერთი ნაწილის დაინტერესება ტრამპით ასახავს იმას, რომ ამომრჩევლები შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ:

„ის ერთსულოვნება, რაც ადრე შეინიშნებოდა, ახლა აღარ იგრძნობა. ჯერჯერობით აშკარა ფავორიტი არ ჩანს. ახლა ამომრჩევლებს ახალი სახის გამოჩენა სურთ. ცხადია, რომ ასპარეზზე დონალდ ტრამპის გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ამომრჩევლებს საერთოდ არ ესმით ის, თუ რა თვისებები უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ კანდიდატს, რომ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს“- დასძინა ბობ ბენეტმა.

XS
SM
MD
LG