გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ სხდომაზე დახურული კენჭისყრით, სირიაში 30 შეუიარაღებელი დამკვირვებლის გაგზავნა გადაწყდა. დამკვირვებლები დამასკოში ამ დღეებში გაემგზავრებიან. მონიტორინგის ჯგუფი გაეროს სპეციალურ დესპანს, კოფი ანანს სამშვიდობო გეგმის პუნქტების შესრულების შესახებ მოახსენებს. ორივე მხარემ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, სირიის ხელისუფლებამ ქალაქებიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანოს და ოპოზიციასთან მოლაპარაკება დაიწყოს.
დღეს სირიის სამთავრობო ძალების მიერ კიდევ 5 ადამიანი იქნა მოკლული - იტყობინებიან სირიელი აქტივისტები. მათი თქმით, ხელისუფლების განკარგულებაში მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში მიმდინარე ოპოზიციონერთა დაკრძალვის ცერემონიალს გაუხსნა. უფლებადამცველების ცნობით, სამხრეთით მდებარე დარაას პროვინციაში მოწინააღმდეგე მხარემაც 2 ჯარისკაცი დაკარგა.