შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც რადიოაქტიული და ბირთვული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინა 2010 წლის ბირთვული უსაფრთხოების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესრულებას აპირებს და 2012 წლისთვის გამდიდრებული ურანის მარაგისგან განთავისუფლების იმედი აქვს.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით:
“ამერიკა უკრაინას ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების მოდერნიზაციაში, რომლებიც უფრო უსაფრთხო ურანიუმზე იმუშავებენ.“
შეერთებული შტატები ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინაში სპეციალუური ლაბორატორიის აშენებაში, სადაც მეცნიერები იმგვარი სამედიცინო იზოტოპების გამოგონებაზე იმუშავებენ, რომლებიც კიბოს და სხვა დაავადებების მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს იზოტოპები უკრაინას ამჟამად უცხოეთიდან შემოაქვს. შეერთებულმა შტატებმა ამ ნეიტრონული ლაბორატორიის მშენებლობის დამთავრება 2014 წლამდე იკისრა.
ამ პროექტების განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. უკრაინა უკვე განთავისუფლდა გამდიდრებული ურანის მნიშვნელოვანი მარაგისგან. ამერიკა კი უკრაინას ნეიტრონული ობიექტის აგებაში ეხმარება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით:“ ეს ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ამ გარიგებით უკრაინელი ხალხიც იხეირებს და მსოფლიოს ყველა ხალხი თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს.“
ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა, რომ წელს უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი შესრულდა და ეს თარიღი ამერიკასა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობით აღინიშნა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და მედიის თავისუფლება.
კომუნისტური ეპოქის შემდეგ დემოკრატიაზე გადასვლა არცთუ ისე იოლი საქმეა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას. უკრაინის ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავის ისეთი მოქმედებისგან, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას შეუშლის ხელს.
ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წარმატების და უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან და მეზობლებთან.