2004 წელს გაეროს ათასწლეულის სამიტზე საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ 2015 წლამდე შესაძლებელი გახდება :
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რიცვის განახევრება; კონფლიქტებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია; დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის რადიკალურად შემცირება და სხვა ვალდებულებები.
” -საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში
- საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღემდე სიღარიბეში ცხოვრობს
- ყოველ მეორე ავადმყოფს მკურნალობის ხარჯის დაფარვა არ შეუძლია, ოჯახის წევრის ავადმყოფობა ხშირად იწვევს ოჯახის გაღატაკებას.
- მრავალ ავადმყოფს ხელი არ მიუწვდება აუცილებელ მედიკამენტებზე.
- უნდა შეიქმნას ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტური სისტემა ავადმყოფთა და მათი ოჯახების გაღატაკების თავიდან ასაცილებლად
- ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, არასრულფასოვანი კვება აფერხებს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას
- სიღარიბის დაძლევა მომავალი თაობის ჯანმრთელობის გარანტიაა ! ”, აღნიშნეს ექსპერტებმა კონფერენციაზე, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის საკითხებს მიეძღვნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მოსახლეობის განათლება და მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სერიოზული პრობლემის , უმუშევრობის დაძლევას. ჯანმრთელი და განათლებული ადამიანი ყოველთვის დასაქმდება, თვლის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამირან გამყრელიძე:
”ყოველწლიურად მხოლოდ სამედიცინო დახმარების ხელმიუწვდომლობის გამო დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ღარიბდება მსოფლიოში. განვითარებადი ქვეყნებისთვის, ათასწლეულის მიზნები ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვის არის, რომელშიც ჯერჯერობით საქართველოც შედის, სიღარიბის დაძლევის პრობლემა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, საქართველოს მთავრობის მთავარი საპროგრამო დოკუმენტის სლოგანია ”საქართველო სიღარიბის გარეშე!”
სიღარიბეს სძლევს რა ? სამი კომპონენტია მთავარი, რომ სიღარიბე დაიძლიოს . ადამიანს უნდა მისცე ადეკვატური განათლება, ადამიანი უნდა გყავდეს ჯანმრთელი და ადამიანი უნდა დაასაქმო. ანუ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომა გახლავთ ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობაში ინვესტიცია არის ყველაზე ეფექტური, შედეგიანი გზა სიღარიბის დასაძლევად. ამაზე ბევრი მეცნიერული კვლევა არსებობს..
- რატომ არის საქართველოში ასეთი ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება?
"იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვა არცერთი მთავრობის დროს არ გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი. ჯანმრთელობაში სახელმწიფო ინვესტიციები ხდება ძალიან მწირი რესურსების საშუალებით"-აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
- როგორ შეესაბამება ეს სიღარიბესთან ბრძოლის გამოცხადებას?
" უნდა მოხდეს გარდატეხვა, ერთხელ და სამუდამოდ . მთავრობამ ადამიანების ჯანმრთელობა უნდა გამოაცხადოს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ჩვენ თუ გვინდა საქართველოში სიღატაკე აღმოვფხრათ და სიღარიბე შევამციროთ, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მეტი სახელმწიფო ინვესტიცია უნდა გაკეთდეს ორ დარგში : ეს არის ადამიანის განათლება და ადამიანის ჯანმრთელობა. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რეალურად ის განცხადებები, რაც კეთდება იქნება შესაბამისობაში გამოყოფილ სახსრებთან, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოში საკმაოდ სწრაფი ტემპით მოიკლებს სიღარიბე.”