ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის არჩევანი


მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეგვიპტელთა უმრავლესობამ მხარი 13-დან არცერთ კანდიდატს დაუჭირა.

გასულ წელს თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ეგვიპტელები გამარჯვების შემდგომმა ეიფორიამ მოიცვა. მათ ხომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელ რამეს მიაღწიეს: გადადგა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში მართავდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თავდაპირველად 13 კანდიდატი იღებდა. ეგვიპტელები პრაქტიკულად პირველად დადგნენ რეალური არჩევანის წინაშე. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეგვიპტელთა უმრავლესობამ მხარი 13-დან არცერთ კანდიდატს დაუჭირა.

მეორე რაუნდზე ეგვიპტელებს არასასიამოვნო არჩევანის გაკეთება უწევთ. მათ ისეთ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა, რომელიც შედარებით ნაკლებად არ მოსწონთ. კენჭს ამჟამად ორი პრეტენდენტი იყრის: ისლამისტი მუჰამედ მორსი და ყოფილი მთავრობის წევრი, აჰმედ შაფიქი.

პოლიტიკური სოციოლოგი საიდ სადეკი ყოფილ მთავრობას „სამხედრო ფაშიზმს“ უწოდებს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. ისლამისტური პარტიის შესახებ საუბრისას ის აღნიშნავს:

„პოლიტიკა ხომ შეხედულებათა ფარდობითობას ეყრდნობა. ისინი კი საკუთარ შეხედულებებს რელიგიას აფუძნებენ და ცდილობენ აბსოლუტიზმი დაამკვიდრონ. ეს მათი აზრია და მორჩა“ - ამბობს ბატონი სადეკი და სხვა ქვეყნებში ანალოგიური რელიგიური მმართველობის მაგალითები მოჰყავს:

„ირანის რევოლუციის გამეორება ხომ არ გვინდა და იმ კომპრომისზე წასვლა, რაც ირანის სეკულარისტებმა და ლიბერალებმა მაშინ გადაწყვიტეს? შაჰისადმი სიძულვილით ისინი ყველაზე უარეს პოლიტიკურ ჯგუფს შეეკრნენ, რომელიც ისევ მათ შემოუტრიალდა და ძალიან მალე ყელი გამოჭრა“ - აღნიშნავს სოციოლოგი.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუსლიმთა საძმო ძალადობას სახალხოდ გმობდა. ბევრ ეგვიპტელს ისინი ყოფილ სამხედრო მმართველობას ურჩევნია. მაგრამ მათი დაპირება ქვეყნის მოდერნიზაციის შესახებ, მაინც ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.

რანია ელ-მალკი ჟურნალისტია, რომელიც რევოლუციას თანაუგრძნობდა:

მუსლიმთა საძმო დღეს ერთს ამბობს და ხვალ სულ სხვას გააკეთებს. მათი განწყობები კარგად გამოჩნდა თუნდაც იმ ფაქტში, თუ როგორ აარჩიეს მათ საპრეზიდენტო კანდიდატი“ - ამბობს ჟურნალისტი.

იმის მიუხედავად, რომ საძმოს რწმენა ბოლომდე დაკარგული არ აქვს, რანია ელ-მალკს მიაჩნია, რომ სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმეში ისინი ყოფილ მთავრობას მაინც აჯობებენ:

არჩევანი ეშმაკს და უძირო ზღვას შორის უნდა გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ ზღვაში რაღაც სასწაულით გადარჩენის შანსი მაინც გვაქვს. მირჩევნია ის შანსი გამოვიყენო, ვიდრე დროში უკან დამაბრუნონ და ისევ 2011 წლის 24 იანვრის დილა გამითენდეს“.

ჟურნალისტის აზრს სოციოლოგი საიდ სადეკიც იზიარებს და აღნიშნავს, რომ არცერთი კანდიდატი ბოლომდე არ ინდობა და ორივე შემთხვევაში შეიძლება მოვლენები კიდევ უფრო უარესისკენ განვითარდეს. „ყველაზე უფრო სამხედრო ფაშიზმის და რელიგიური ფაშიზმის ალიანსის მეშინია და ამის ნიშნები რევოლუციის დასაწყისშივე არსებობდა“ - ამბობს ის.

რა თქმა უნდა, ყველა ეგვიპტელი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მსგავსი პესიმიზმი ეგვიპტეში და მის ფარგლებს ფართოდ არის გავრცელებული. ფაქტია, რომ „არაბული გაზაფხულის“ იმედები და ეიფორია მკაცრმა პოლიტიკურმა რეალობამ სულ რაღაც ერთ წელიწადში შეცვალა.

XS
SM
MD
LG