თბილისში ახალი უბნის მშენებლობა იწყება. ეკოლოგიური მინი ქალაქი - დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდებარე ლისის ტბის გარშემო გაშენდება. ახალი უბანი უკვე დააპროექტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთმა ცნობილმა არქიტექტურულმა ბიუროებმა, როგორებიც Moore Ruble Yudell და Dover Kohl არიან.
პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოყოფილი უცხოური ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ამერიკულია. ეკო პროექტში ამერიკის მთავრობის ფინანსური კორპორაცია OPIC-ია ჩართული, რომელიც უკვე ორმოცი წელია ხელს უწყობს ამერიკელ ინვესტორებს ფული უცხოეთის ქვეყნებში დააბანდონ.
ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტში ასევე მონაწილეობს ჰოლანდიის საინვესტიციო ფონდი. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დღეს „თი-ბი-სი“ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და „ლისის ტბის განვითარების კომპანიის“ მმართველი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს
„გამოყოფილია კონკრეტული დაფინანსება ამერიკული და ჰოლანდიური ბანკებიდან - 25 მილიონი დოლარი. ეს არის აღნიშნული მეგა პროქტის პირველი ეტაპის ინვესტიცია. ეს მინის ქალაქი იქნება აბსოლიტურად განსხვავებული, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე უბანი თბილისში.“
ეკონომიკის სამინისტრომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია აუქციონზე გასაყიდად, ჯერ კიდევ 2007 წლის მაისში გამოიტანა. თითქმის 354 ჰექტარი მიწის ფართობის საწყისი ფასი 26,5 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ ის 182 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რასაც მაშინ დიდი ხმაური მოჰყვა.
მყიდველი „თი-ბი-სი“ ჯგუფში შემავალი, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია („ჯი არ დი სი“) გახდა. აუქციონის პირობებით, მყიდველს 2010 წლის ბოლომდე, ლისის ტბაზე სამი მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობამ და მერიამ „ჯი არ დი სს“ კონტრაქტის დარღვევა აპატია. თბილისის მერი გიგი უგულავა ამბობს რომ ახალ უბანში ხუთი ათასი ადამიანის დასაქმებას ელოდება:
„პროექტი ათ წელზეა გათვლილი, პირველი ეტაპის სამუშაოებში დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და დაახლოებით ათასამდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ მშენებლობის სტადიაში. ბუნებრივია, ახალი უბნის გაჩენა ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ სკოლას და ახალ საბავშო ბაღს ანუ ახალ სამუშაო ადგილებს, იმიტომ რომ ამას ყველაფერს ათვისება და მომსახურება სჭირდება.
ეკონომიკის გამოცოცხლება აშკარად უკვე სახეზეა, უფრო სწორედ პროგნოზია ასეთ, მაგრამ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. და შესაბამისად, ჩვენც ვვარაუდობთ, მხოლოდ ამ სფეროში ხუთი ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას თბილისში.“
პროექტის ფარგლებში თბილისის მერია აპირებს, როგორც ლისის ტბამდე მისასვლელი გზის რეკონსტრუქციას, ისე საბაგირო გზის აღდგენას, რომელიც ტბას დელისიდან უკავშირდება.
მთლიანობაში ლისზე 5600 კერძო საცხოვრებელი სახლის და 30 დასასვენებელი ადგილის აშენებაა ნავარაუდევი, თუმცა პირველ ეტაპზე, მხოლოდ 40 ჰექტარის ათვისება იგეგმება.
მერიაც და ინვესტორებიც ხაზს უსვამენ, რომ ლისის ტბაზე დასვენება პროექტის განხორციელების შემდეგ, ნებისმიერ თბილისელს შეეძლება. „თი-ბი-სი“ ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ამბობს
„ლისის ტბის განაშენიანების კონცეფცია იქნება დაფუძნებული მწვავე განვითარებაზე. ეს გულისხმობს, რომ პირველი 40 ჰექტარი, რომლის განაშენიანებასაც ვიწყებთ, იქნება რეკრეაციული ზონა და მხოლოდ დარჩენილი ნაწილი იქნება დასახლებული.
ეს კონცეფცია დაფუძნებული იქნება მზის ენერგიის გამოყენებაზე, გამოვიყენებთ, ლისზე არსებულ თერმულ წყლებს. რაც შეეხება ვინ დასახლდება, ეს უბანი იქნება ახალგაზრდა ოჯახებისთვის, ფასები იქნება ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ამ მწვანე კონცეფციაზე ჩვენთან ერთად მუშაობენ ამერიკელი და იტალიელი სპეციალისტები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი დასახლებების და მშენებლობების განვითარებაში.“
კვლავ ბურუსით არის მოცული „ლისის ტბის“ ანალოგიური, თუმცა მასშტაბით გაცილებით დიდი პროექტის - „არსენალის სითის“ მომავალი. ეს პროექტი, თბილისის ჩრდილო აღმოსავლეთით, არსენალის მთაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახი კალაძის კომპანია „კალა კაპიტალმა“ დაიწყო.
კომპანია 80 ჰექტარზე ახალი უბნის მშენებლობისთვის მილიარდ ნახევარი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას ცდილობდა. ახალ უბანში 25 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.
„კალა კაპიტალს“ პირველი ინვესტიცია, ცხრამეტი მილიონის დოლარის სახით გადახდილი აქვს, თუმცა „თი-ბი-სი ჯგუფისგან“ განსხვავებით, აუქციონის პირობების დარღვევის გამო, კომპანიას ჯარიმის სახით, რამდენიმე მილიონის საურავი დაერიცხა.
ომმა, მსოფლიო კრიზისმა და კონფლიქტმა მთავრობასთან „არსენალი სითის“ მშენებლობა გაყინა. „თი-ბი-სი“ ჯგუფის მსგავსად, მთავრობა „კალა კაპიტალთან“ საერთო ენის გამონახვას არ ჩქარობს.