ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანა ლეონარდი - "ამერიკის გადაყრილი კულტურის" რეფორმატორი


ანა ლეონარდი - "ამერიკის გადაყრილი კულტურის" რეფორმატორი
ანა ლეონარდი - "ამერიკის გადაყრილი კულტურის" რეფორმატორი

ანა ლეონარდი ოცნებობს მეცნიერების უახლესი დარგის - ბიომიმიკრიის განვითარებაზე.

ანა ლეონარდი ოცი წელია გატაცებულია საქმიანობით, რომელიც გადაყრილი და ტოქსიკური შემადგენლობის მქონე ნივთებისგან პლანეტის გათავისუფლებას ნიშნავს. მთელი შეგნებული ცხოვრება ამ ქალბატონმა ეგრეთ წოდებული "ამერიკის გადაყრილი კულტურის" რეფორმას მიუძღვნა.

ანა ლეონარდი სიეტლში გაიზარდა. ბავშვობაში ზაფხულის თვეებს უმეტესად ტყეებსა და მთაში ხეტიალში ატარებდა. სკოლა, რომელშიც ანა სწავლობდა, გარემოს დაცვის პრობლემებს განსკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ალბათ ამანც განაპირობა, რომ გოგონა ბუნებაზე ზრუნვას ბავშვობიდან მიეჩვია.:

„პატარაობაშივე მაწუხებდა გაჩეხილი ტყეებისა და ადამიანების მიერ გაძარცვული ბუნების ბედი. მაგრამ გადაყრილი ნივთების მიმართ დაინტერესება და მათი მომავალ ბედზე ზრუნვა კოლეჯში შესვლის შემდეგ გამიჩნდა. ამ საკითხით მხოლოდ სტუდენტობაში დავინტერესდი“

არადა გასაკვირიც არ იყო, რადგან კოლეჯამდე მისვლამდე ანა გზაზე უამრავ ნაგავსაყრელსა და უსარგებლო გადაყრილ ნივთებს ხვდებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ინტერესი, თუ რა იმალებოდა ამ გაუგებარი მასების შიგნით და რა გავლენას ახდენდნენ ეს ნარჩენები გარემო პირობებსა და ადამიანებზე.

„სულ მაინტერესებდა, თუ რა ბედი ელოდათ ნაგავზე გადაყრილ ადამიანისთვის უსარგებლო ნივთებსა და ნარჩენებს. როგორ მოქმედებდნენ ისინი გარემო პირობებსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელებიც საკმარისი იყო. ამიტომაც პირველად ნიუ იორკის ნაგავსაყრელს ვესტუმრე“

სწორედ მაშინ შეიცვალა რადიკალურად ანა ლეონარდის ცხოვრება. ანამ დაწერა პროექტი და ნიუ იორკის მუნიციპალიტეტს მიწერა, რომელშიც გადაყრილი და უსარგებლო ნივთების დაწვის გარდა, მათ სამომავლო ზეგავლენაზე წერდა.

ანა ლეონარდმა მომდევნო ათი წელი ვაშინგტონის გარემოს დაცვის ჯგუფებთან ერთად ნაგვისა და უსარგებლო ნივთების გადაყრისა და გადამუშავების კანონების რეგულიაცას მიუძღვნა. თუმცა პირველ ხანებში ლეონარდს, კონგრესის მხარდაჭერის მიუხედავად, სხვადასხვა ინსტანციების დონეზე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობები შეხვდა.

ამას მოჰყვა ის, რომ კონგრესის მიერ დაწესებული ახალი კანონების თავიდან აცილების მიზნით, ზოგმა კომპანიამ საკუთარი უსარგებლო და საშიში ნარჩენების უცხოეთში გადაგზავნა დაიწყო. აქ ანა ლეონარდმაც არ დააყოვნა და ამერიკის გადაყრილ ნარჩენებს ევროპაში დაედევნა და ჟენევაში საცხოვრებლად გადავიდა.

შვეიცარიაში ლეონარდი მდიდარი ქვეყნების მიერ განვითარებად ქვეყნებში ნარჩენების გადაგზავნის საწინააღმდეგო გლობალურ კამპანიას ჩაუდგა სათავეში. მისი ახალი წამოწყების მიზანი იყო კვალში ჩადგომოდა მავნე ნარჩენებისგან დამზადებული პროდუქციის მარშრუტს, რომლითაც ნარჩენები შეერთებული შტატებიდან აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ქვეყნებში გადაჰქონდათ.

„მე ჩავედი ბანგლადეშში და შევხვდი ფერმერებს, რომლებიც მიწას იმ სასუქით ანოყიერებდნენ, რომელიც ამერიკული კოპანიების მავნე ნარჩენებისგან მზადდებოდა. გახლდით ასევე სამხრეთ აფრიკაშიც, სადაც აპარტეიდის დროს ამერიკული კომპანიები გემებით ვერცხლით გაჯერებულ საწარმოო ნარჩენებს აგზავნიდნენ. ამის გამო, გემზე მყოფი ადამიანები დაბინძურებული და მავნე ნივთიერებებით სავსე წყალს იყენებდნენ.“

ანა ლეონარდის ათწლიანმა კვლევებმა მას საშუალება მისცა მსოფლიოს ორმოც ქვეყანაში ჩასულიყო და გადამუშავებული პროდუქციის შედეგად, ტოქსიკური ზეგავლენის გამოუსწორებელი შემთხვევები გამოევლინა.

ლეონარდი დადიოდა სხვადასხვა ქევყნების ნაგავსაყრელებზე, გულდაგულ სწავლობდა გადაყრილი ნივთების სამომავლო ბედს და საბოლოო დარწმუნდა, რომ პლანეტის მოსახლეობა ვალდებულია იცოდეს სიმართლე უსარგებლო ნივთებისა და მავნე ნარჩენების სამომავლო ბედის შესახებ.

ამ მიზნით ანა ლეონარდმა შექმნა შემეცნებითი ვიდეო, რომელიც იუთუბის ინტერნეტ გვერდზე გამოაქვეყნა და სახელად „ნივთების ისტორია " უწოდა. ლეონარდის თქმით, ვიდეოს დღეში ორმოცდაათასამდე ადამიანი ნახულობს:

„როგორც ჩანს, ადამიანებს აინტერესებთ, თუ რა ბედი მოელით ნივთებს, რომლებიც მათ აღარ სჭირდებათ და როგორ ვითარდება მათი არსებობისა და გამოყენების შემდგომი ციკლი“- აცხადებს ქალბატონი ლეონარდი.

ანა ლეონარდი იუთუბის ინტერნეტ გვერდის საშუალებით, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამაიანებისგან მუდმივად იღებს კომენტარებს. სწორედ ამან უბიძგა მას ამავე თემაზე წიგნი გამოეცა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაევრცელებინა:

„მინდა,რომ ყველა ჩვენთაგანმა საკუთარი ნივთები მეტად დააფასოს და მათ შემდგომ არსებობაზე დაფიქრდეს. არა ქვს მნიშვნელობა ამ უსაგრებლო ნივთს ავეჯი წარმოადგენს, ტანისამოსი თუ საკვები პროდუქტი. გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი უწყინარი ნივთი, ნაგვის სახით შეიძლება ტოქსიკურ და სიცოცხლისთვის საშიშ მოვლენად გადაიქცეს“

ანა ლეონარდი ოცნებობს მეცნიერების ჰორიზონტზე ახლად გამოჩენილ სფეროზე, რომელსაც ბიომიმიკრია ჰქვია. ეს არის მეცნიერება, რომელიც მწვანე ქიმიის მოძრაობის განვითარებას გულისხმობს და მომავალი თაობებებისთვის ნაკლებად ტოქსიკური ნივთიერებების მემკვიდრეობით გადაცემისთვის იბრძვის.

XS
SM
MD
LG