ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში


პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში
პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში

აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ექსპერტის სტივენ სესტანოვიჩის თქმით საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტები საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

30 იანვარს აშშ-ის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტები განიხილავენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებას, ვაჭრობის, ტურიზმის და უსაფრთხოების საკითხებს. ”პრეზიდენტი ობამა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოსთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტი ასევე ელოდება განიხილოს საქართველოში დაგეგმილი მომავალი არჩევნები და რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს გარდაქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ” - ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს:

” შეხვედრა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მასთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ისთვის. პრეზიდენტები ისაუბრებენ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს ეხება. პირველ რიგში კი, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ნატოს ჩიკაგოს სამიტი და ის, თუ როგორ უნდა აისახოს დადებითად ეს სამიტი საქართველოს ნატოსტან დაახლოებაზე”.

აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ექსპერტის სტივენ სესტანოვიჩის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტები საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ექსპერტი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს:

”ალბათ, მთელი ქართველი ხალხის, ყველა პოლიტიკოსის სურვილია რომ საქართველო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში კონფრონტაციიდან თანამშრომლობის რეგიონად გარდაიქმნას. ამერიკელი მაღალჩინოსნები პირდაპირ და არაერთხელ მიუთითებენ, რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი, რუსეთთან ურთიერთობების დაწყება. რა თქმა უნდა, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის სურვილიც არის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის იყოს დიალოგი, იყოს ურთიერთობები, იყოს საკითხების განხილვა. თუმცა ის, რომ რუსეთის ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან არანაირი დიალოგის წარმოებას არ აპირებს, ამგვარ შესაძლებლობებს ალბათ გამორიცხავს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ურთიერთობების ნორმალიზება მოხერხდება, რუსეთის პოლიტიკის თვისებიდან გამომდინარე. მაგრამ შეიძლება თანამშრომლობის გარკვეული ფორმები იყოს მოძებნილი და ეს არა მხოლოდ საქართველოზე და რუსეთზე, არამედ, რა თქმა უნდა, ბევრწილად აშშ-ს პოზიციაზე და ევროკავშირზეა დამოკიდებული”.

ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაშიც, რუსეთშიც და საქართველოშიც წინასაარჩევნო პერიოდია: ”ჩვენ ველოდებით ორ არჩევნებს, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რითაც საქართველოში ხელისუფლების თვისობრივი ცვლილება უნდა მოხდეს, თუმცა მოხდება თუ არა შინაარსობრივად ეს ცვლილება, ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ამერიკის უპირველესი ინტერესი სწორედ ამ ორი არჩევნების მიმართ არის მიპყრობილი. იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების ცვლილება განხორციელდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის თუ რა პოლიტიკურ ძალებთან აქვს საქართველოში საქმე ამ არჩევნების წინ და რას უნდა ელოდოს ამ არჩევნებისგან.

-მიღებული საარჩევნო კოდექსით შეიძლება საქართველოში ცვლილებები განხორციელდეს ?

"საარჩევნო კოდექსი ყოველი არჩევნების წინ იცვლება და იცვლება სიტუაციის მიხედვით. ყოველი არჩევნების წინ ცხადდება, რომ ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, საუკეთესო კოდექსი, ეს არის წინსვლა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. მაქსიმალური აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ შეეძლოთ ფინანსების თავისუფლად დიდი რაოდენობით მიღება, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენით არის გამოწვეული. არის ძალიან ბევრი გადაცდომა ამ კანონში და კონსტიტუციური ნორმების დარღვევაც კი. აბსოლუტურად გაუგებარია კონტროლის პალატის როლი და სხვა მრავალი ისეთი საკითხია, რაზეც ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისოები მიუთითებენ. მეორეს მხრივ ნებისმიერ საარჩევნო პირობებში შეიძლება ცვლილებების განხორციელება, თუ მთლიანად საზოგადოება მოინდომებს ამას და თუ არ იქნება ”ზღვარგადასული” ზეწოლა პოლიტიკურ ძალებზე და ამომრჩევლებზე.

ალბათ ერთ-ერთი საკითხი იქნება ირანის გარშემო არსებული კრიზისი, თუმცა ალბათ, ყველაზე ნაკლები როლი ამ კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ენიჭება შექმნილ ვითარებაში”

XS
SM
MD
LG