ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მხატვრები ნიუ-იორკის "არტ-ექსპოზე"


ქართველი მხატვრის ნამუშევარი არტ-ექსპოზე ნიუ-იორკში
ქართველი მხატვრის ნამუშევარი არტ-ექსპოზე ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის "არტ-ექსპომ", რომელიც ყოველწლიურად იმართება, ქართველ მხატვრებს უმასპინძლა. ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება ქალაქში, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმატებულ მხატვარს წინასწარ არჩევენ და იწვევენ, რათა თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინონ და ნამუშევრების გაყიდვა შეძლონ.

ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები ნიუ-იორკის უზარმაზარ საგამოფენო ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. მხატვრები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან თავიანთ ხედვას, სტილს და მიმდინარეობას მსოფლიოს მეგაპოლისში ერთმანეთს უზიარებდნენ. ქართველი, წარმატებული მხატვრების ნაწილმა "არტ-ექსპოში", რომელიც უკვე 38 წელია იმართება, წელს უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. ზაზა ხაბულიანი ბრუკლინში 1999 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი შემოსავლის წყარო დღიდან აქ ჩამოსვლისა, მხოლოდ ხატვაა. "არტ-ექსპოზე" მისი და მისი ძმის, ემზარ ხაბულიანის ნახატები ერთად იყო წარმოდგენილი.

ზაზა ხაბულიანი: კარგია მხატვრისთვის გამოფენა, ვიზრდებით მხატვრები. გალერეებთან ვთანამშორმლობ, ჰავაიში, ჩიკაგოში და დენვერში მყავს გალერისტები. სხვა საქმე არ გამიკეთებია არასდროს, ამით მიდგას სული. ძალიან ბევრს მოსწონს ნახატები. ჩემი ძმის, ემზარის 5 ნამუშევარი უნდა გავგზავნო, რომელიც გაიყიდა, ასევე 5 ჩემი ნახატიც, " არტ-გალერეაში", რომელიც ჰავაიშია. გალერეას, რომელმაც ჩემი ნახატები შეიძინა, ცნობილი მხატვრების ნახატები აქვს - შაგალის, პიკასოს, რემბრანდტის, დიუერის. აი ასეთი დონის გალერეაა და მიხარია ძალიან.

ამერიკული პუბლიკა ქართველი მხატვრების ნამუშევრების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ქართველი მხატვრები, რომლებიც "არტ-ექსპოზე" თავად წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს გალერისტების და ხელოვნებათმცოდნეების შეფასებებს პირადად ისმენდნენ. მიხელი მიქაბერიძე და ირაკლი ყარაულაშვილი გვესაუბრება.

მიხეილ მიქაბერიძე: განსხვავება არის, ეს იგრძნობა. აკადემიაში ქართული სკოლა იყო. უფრო ფერის გამოსახვის ტენდენცია იყო, ფერით როგორ გადმოვცემდით მოცემულობას, იმას რასაც ვფიქრობდით. თავისუფლება - ჩვენი რაც არის, რაზეც ვარსებობთ, სიყვარულის თემა, მოქეიფეები ,მუსიკალური თემატიკა ასე ვაღწევთ ხოლმე ჩვენი ქართული შეხედულებების გადმოცემას ტილოზე. ძირითადად ეს თემატიკა მოსწონთ უცხოელებს.

ირაკლი ყარაულაშვილი: მხატვრებმაა უნდა გააკეთონ გამოფენა, თავისუფლება უნდა იყოს ამ საკითხში.

გიზო ვაშაკიძის ფერწერული ტილოებით, ფერებით, პეიზაჟებით, იმ სიმშვიდით რასაც მისი ნამუშევრები გადმოსცემენ, განსაკუთრებულად მოიხიბლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნე, რომელიც გამოფენაზე იმყოფებოდა. მიწვებები გიზო ვაშაკიძეს მაიამიდან და სანდიეგოდანაც ჰქონდა, სადაც გამოფენები" არტ-ექსპოს" ორგანიზებით ყოველ წელს იმართება, თუმცა კომერციული გათვლით მან ამჯერად ნიუ-იორკი აირჩია.

გიზო ვაშაკიძე: ნახატის დანიშნულება ეგ არის. მაგალითად, სკამს დურგალი რომ აკეთებს, ის უნდა იყოს კომფორტული, "ბულკს" რომ აკეთებენ - გემრიელი. ნახატზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული აზრი, რა არის. რა უნდა გიტაცებდეს ფერწერაში ? - ფერთა შეხამება, სივრცე შიგნით, თავისუფლება და აი შედგა პროდუქტი. სხვა შემთხვევაში ნახატი არის მკვდარი. და მე ვცდილობ ამ სიცოცხლის შეტანას.

ახალგაზრდა ქართველმა მხატვრმა, რუსუდან ხიზანიშვილმა "არტ-ექსპოში" მონაწილეობა წელს პირველად მიიღო, თუმცა ამერიკელ გალერისტებთან კონტაქტი დიდი ხანია აქვს.

რუსუდან ხიზანიშვილი: უფრო ფოლკის და პოსტ-ექსპრეციონიზმის ნაზავია ჩემი ნახატები. მე მყავს ბევრი კოლექციონერი ამერიკაში და ისინი პირადად გასაცნობად მოვიდნენ. აქამდე ნახატებს ყიდულობდნენ, ახლა კი ახლოს გამიცნეს. ჩემთვის ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ჩემი ნახატების ფასი აქ რაც არის წარმოდგენილი, 800 დოლარიდან იწყება და 3000 დოლარამდეა.

"არტ-ექსპო" 2016 დასრულდა. ქართველი მხატვრები საქართველოში კმაყოფილი დაბრუნდენ. მათი ნახატები შეძლებული ფენის სახლებში და ამერიკულ გალერეებში დაიკიდება, სადაც კიდევ ერთხელ დაინტერესდებიან ქართველი მხატვრების სახელებით და ქვეყნით, რომლის კულტურას მსოფლიო აფასებს.

XS
SM
MD
LG