ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთში არჩევნები დასრულდა


ერთი კანდიდატის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის და მეორეს შიმშილობის მიუხედავად, სომეხი ხალხი არსებული კურსის გაგრძელებას უჭერს მხარს.

ეგზიტპოლების მიხედვით, სერჟ სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. გამოკითხვაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 122 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა, 19 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეგზიტპოლმა სარქისიანის 58-პროცენტიანი გამარჯვება აჩვენა. სავარაუდოდ სომხეთის პრეზიდენტმა იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე პირველ არჩევნებზე. სარქისიანის მეორე და საბოლოო ვადით არჩევით რესპუბლიკური პარტიის მმართველობა ქვეყანაში 18 წელს მიაღწევს.

ერევანში ხმის მიცემის შემდეგ სერჟ სარქისიანმა ქვეყანაში სტაბილურობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. პრეზიდენტის თქმით, მან სომხეთის მომავალს და უსაფრთხოებას მისცა ხმა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სომხეთის სტატუს კვო შემდეგში მდგომარეობს: საშუალო ხელფასი კვირაში 75 დოლარს უტოლდება. ქვეყნის მოსახლეობის მესამედი უმუშევარია. ზრდასრულ სომეხთა ერთი მესამედი კი სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ იმყოფება.

ოპოზიციის ხმების მობილიზება რაფიკ ოვანესიანის, ამერიკაში დაბადებული ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირგვლივ ხდებოდა. ეგზიტპოლების მიხედვით მან ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 32 პროცენტი მოიპოვა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წინასაარჩევნო გამოკითხვებში. ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.

„ეს გამარჯვება, ეს დღევანდელი მიღწევა სომეხ ხალხს, სომხეთის მოქალაქეებს ეკუთვნით“ - ამბობს ოვანესიანი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის 60-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებმა. ამჯერად სამმა უძლიერესმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი იმთავითვე განწირულები იყვნენ, რადგან მთავრობის მიერ ხმების მოპოვების მექანიზმს წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

სარქის აგაბიკიანი ერევანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანს კურირებდა. დღის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ელექტორატის ენთუზიაზმი ძალიან, ძალიან დაბალი იყო.

ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ინტერესი დაკარგა. მხოლოდ ერთი კანდიდატია, სერჟ სარქისიანი. ის ამჟამინდელი პრეზიდენტია, ოპოზიციაში კი ერთობა არ არის. ხალხი ამიტომაც პასიურობს“ - ამბობს ის.

ოთხკვირიანი კამპანიის განმავლობაში ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, მეორემ შიმშილობა გამოაცხადა, მესამემ კი არჩევნებში მონაწილეობაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა. მოვლენების ამგვარი განვითარების მიუხედავად, სომეხმა ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ინტერესი დაკარგა, რადგან გარკვევით ჩანდა, რომ დანარჩენი კანდიდატები 5 პროცენტზე მეტს ვერ მოიპოვებდნენ.

რიჩარდ კირაკოსიანი ერევნის რეგიონალურ სწავლებათა ცენტრის დირექტორია. მასაც მიაჩნია, რომ ელექტორატის პასიურობა მათმა უსუსურობის განცდამ განაპირობა.

მოსახლეობის უმეტესობა არჩევნებიდან აპათიის, ან ზიზღის გრძნობით ბრუნდებოდა. მათ არცერთი კანდიდატი და პარტია არ მოსწონთ“ - აღნიშნავს კირაკოსიანი.

სომხეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა, მეზობელ ქვეყნებთან ერთად დემოკრატიის შეთვისებას უკვე 21 წელია ცდილობს. ხმის მიცემის პროცედურის მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერი, რაფიკ ოვანესიანი ამბობს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სომხებმა ხმა დემოკრატიას, კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და სომხეთის წარმატებულ მომავალს მისცეს.
XS
SM
MD
LG