ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სწრაფი ტესტები, დამცავი აღჭურვილობა და $ 1.1 მილიონი - აშშ-ის დახმარება საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად


რა დახმარებას უწევს აშშ საქართველოს, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად - შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ დახმარება მიმართულია არა მხოლოდ უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად, არამედ პოსტპანდემიური, შესაძლო რთული ეკონომიკური სიტუაციის შემსუბუქებისკენაც.

კელი დგენანი, სახლში ჩაწერილი განცხადების დროს, სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი და უკვე გაწეული დახმარების შესახებ საუბრობს.

დახმარება, პანდემიასთან საბრძოლველად მოიცავს:

“ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო” - ჯანდაცვის საგანგებო დახმარების პროგრამა -1.1 მილიონი ამერიკული დოლარი

პროგრამა მიზნად ისახავს ინფექციის კონტროლისა და პრევენციის ხელშეწყობას. ასევე, ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას, აგრეთვე, საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, შეავსოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, ჯანდაცვის მუშაკები და დონორები ასრულებენ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტები და პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობა

საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. საელჩო, საჭირო ნივთებს ქართული კომპანიისგან შეიძენს და საქართველოს გადასცემს. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი. პარტნიორობა ხელს უწყობს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში, კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას.

„გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისი ძლიერ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას. საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის დასახმარებლად, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეაქვს წვლილი სხვადასხვა გზით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ახლახან გადასცა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა. ამ წლის უხვი მოსავალი მნიშვნელოვანია როგორც ფერმერებისთვის, ასევე საქართველოდან თხილის ექსპორტისთვის.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი პროგრამა ინოვაციური გრანტების კონკურსს აცხადებს, რომლის მიზანიც საქართველოს ეკონომიკის სტიმულაცია და ეკონომიკური ზრდის აღდგენაა. გრანტის მოპოვება შეუძლიათ საკვების მწარმოებლებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ ახალი იდეები საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით.

ეს, მხოლოდ, ერთ-ერთი სფეროს რამდენიმე მაგალითია. ამერიკის საელჩო მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, როდესაც კოვიდ 19-ის საფრთხე ჩაივლის.“ - აცხადებს ელჩი.

ამასთან, ამერიკის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების მითითებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მომდევნი კვირების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ვირუსის გავრცელების კონტროლი. საუკეთესო და ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას, მთავრობის მითითებების გათვალისწინებაა: შინ დარჩენა, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვა. ახლა ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ვიფიქრებთ სხვებზე, ამ ვითარებას მალე გავუმკლავდებით. გთხოვთ, იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ.“ - აცხადებს კელი დეგნანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG