"ამერიკის საავიაციო მუზეუმი"-American Airpower Museum - ასე ჰქვია, ნიუ-იორკში ლონგ აილენდზე, მუზეუმს რომელიც, თავდაპირველად საავიაციო ქარხანა "Republic Aviation" იყო.სწორედ ამ ქარხანაში მუშაობდა წლების განმავლობაში, ქართველი-ამერიკელი ალექსანდრე ქართველიშვილი.
მუზეუმის აღწერილობაში მითითებულია "ამ ქარხანაში შეიქმნა 9 000-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი ფი 47 მეორე მსოფლიო ომისთვის". აღსანიშნავია, რომ ეს არის თვითმფრინავი, რომლის შექმნის იდეაც სწორედ ალექსანდრე ქართველიშვილს მოუვიდა.
მეორე მსოფლიო ომისთვის ალექსანდრე ქართველიშვილმა ჯამში 15 600 თვითმფრინავი შექმნა, პირველი ფი47 კი ჰაერში, 9 თვეში აფრინდა.
ყველაფერი კი, 1939 წელს, მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიოში კრიზისი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რუზველტმა, თავდაცვისა და შეიარაღების გაზრდისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა მოითხოვა, ხოლო გენერალიტეტს დაევალა, რომ დაწყებულიყო მუშაობა საბრძოლო თვითმფრინავებზე.
ამის შემდეგ, მალევე ავიაკონსტრუქტორებსა და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალიტეტს შორის დიდი შეხვედრა ოჰაიოში გაიმართა, სადაც სამხედრო პირები მძლავრ საბრძოლო თვითმფრინავს ითხოვდნენ. ისტორიულად შენარჩუნებულია ინფორმაცია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ალექსანდრე ქართველიშვილმა გააკეთა ჩანახატი და გენერალიტეტს მისი იდეა წარუდგინა. ქართველიშვილს სასწრაფოდ მოსთხოვეს, რომ დაეწყო მუშაობა და რაც შეიძლება მალე გეგმა სრულყოფილად განეხორციელებინა.
ოჰაიოდან ნიუ-იორკში დაბრუნებულმა ქართველიშვილმა, იდეის განხორციელება დაიწყო. როგორც "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, მკვლევარი რამაზ ბლუაშვილი ამბობს, პირველი საბრძოლო თვითმფრინავი ფი 47 ჰაერში 9 თვეში აფრინდა.
"ფი 47"-ის ნახვა ვირჯინიაში და ნიუ-იორკშია შესაძლებელი. მუზეუმში კი წარმოდგენილია სხვა უნიკალური თვითმფრინავებიც, რომლის შექმნაშიც ალექსანდრე ქართველიშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მუზეუმი კი ყოველ სამუშაო დღეს მუშაობს და შესაძლებელია თვითმფრინავების ქირაობაც.
ქართველმა-ამერიკელმა ავიაკონსტრუქტორმა 33 წლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში 14 მოდიფიკაცია შექმნა.
ქართველიშვილი, ნიუ-იორკში მეუღლესთან და დედასთან ერთად არის დასაფლავებული. უფრო ვრცლად დიდი ქართველი-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის შესახებ ინფორმაცია ნახეთ ჩვენს დოკუმენტურ ფილმში "ქართველის დიდი ავიაცია"
Facebook Forum