ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის შუალედური არჩევნების შესახებ


შუალედური არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში
შუალედური არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში

რა რის შუალედური არჩევნები?

დღეს კონგრესში წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 კონგრესმენს ორი წლის ვადით ირჩევენ. გამოკითხვებზე დაფუძნებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.

ასევე, ამერიკელები 6 წლის ვადით აირჩევენ 100 სენატორიდან 35-ს. სენატის არჩევნების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ საკანონმდებლო ორგანოს მესამედი ყოველ 2 წელიწადში განახლდეს. გამოკითხვების პროგნოზით, სენატზე კონტროლს, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტია შეინარჩუნებს.

ამას გარდა, ამერიკაში ადგილობრივი მთავრობების არჩევნებიც მიმდინარეობს. ახალ გუბერნატორს აირჩევენ 50-დან 36 შტატში. დღემდე 33 შტატს რესპუბლიკელი გუბერნატორი ყავდა, 16 შტატში დემოკრატი გუბერნატორია და ერთში - დამოუკიდებელი კანდიდატი. სხვადასხვა შტატში, საჭიროების მიხედვით, ბიულეტენზე განსხვავებული სარეფერენდუმო კითხვებიცაა, ჯანდაცვის შეღავათებიდან დაწყებული, მარიხუანის ლეგალიზაციით დამთავრებული.

როგორია პროგნოზი?

დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად, დამატებით, 23 ადგილის მოპოვება ესაჭიროებათ. მიმომხილველები ამბობენ, რომ ამის შანსი დიდია. თუმცა, მათი იმედი, რომ სენატში გამარჯვებას მიაღწიონ, სავარაუდოდ არ გამართლდება.

ისტორიულად, მმართველი ძალა შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას კარგავს. ეს ტენდენცია მხოლოდ სამ შემთხვევაში არ დადასტურდა 1934, 1998 და 2002 წლებში. რესპუბლიკელი ამომრჩეველი შუალედურ არჩევნებზე უფრო აქტიურია, რაც დემოკრატებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის მობილიზება მოახდინონ.

თუ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომავალ ორ წელს მნიშვნელოვნად შეცვლის.

არჩევნების ბედს ხშირად ე.წ. მერყევი შტატები წყვეტენ, რომლებშიც ამომრჩეველი ხშირად სხვადასხვა პარტიას უჭერს მხარს. ამჯერადაც, ისევე როგორც ბევრ სხვა არჩევნებზე, ერთ-ერთი საკვანძო შტატი ფლორიდაა.

რეფერენდუმი ტრამპზე

პოლიტიკური მიმომხილველები დღევანდელ არჩევნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე რეფერენდუმსაც უწოდებენ. შემდეგი ორი წლის მანძილზე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დღეს მიღებული შედეგები ან ტრამპის მართვის ხაზს გაამყარებს, ან ვაშინგტონში ძალების ახალ ბალანსს შემოგვთავაზებს. ჯერჯერობით, როგორც თეთრ სახლს, ასევე კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების მხარდასაჭერად აქტიურ კამპანიას ეწევა. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც და ბევრი სხვა ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსი.

წინასაარჩევნო კამპანიის სიმწვავე უჩვეულო შიშმა და გაურკვევლობამ გადაფარა მას შემდეგ, რაც ათზე მეტ ადამიანს, ძირითადად დემოკრატიული პარტიის ლიდერებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, საეჭვო ამანათები გაუგზავნეს. ამანათებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩნდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა ანალიტიკოსები იმაზე, რომ ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებული და პოლარიზებული გარემოა.

თუმცა, ასაფეთქებელი მოწყობილობების გარდა, კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთმა თემამ შეიძინა აქტუალობა - ამერიკის საზღვრებისკენ ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტების ქარავანი მოემართება. პრეზიდენტმა ეს თემა თავისი პოლიტიკის გამართლებად გამოიყენა და დემოკრატები დაადანაშაულა არასწორ საიმიგრაციო პოლიტიკაში.

ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ათასობით მიგრანტი, რომლებმაც გვატემალის საზღვარი გადაკვეთეს და მექსიკა-ამერიკის საზღვარზე შეერთებული შტატებისგან თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავენ, დონალდ ტრამპისთვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო საკითხი აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელსაც ისედაც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს, ეს თემა მერყევი ამომრჩევლის დასარწმუნებლად და ერთგული რესპუბლიკელების არჩევანის გასამტკიცებლად გამოიყენა.

გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბრეტ კავანას დამტკიცების თაობაზე ცხარე ბრძოლამ, ორივე წამყვანი პოლიტიკური პარტიის აქტივისტები გამოაცოცხლა. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კავანას საქმეზე ბრძოლამ ისინი გააძლიერა.

დაფინანსება

დემოკრატებმა ფულადი შემოწირულობებით მათ მეტოქეს, რესპუბლიკურ პარტიას გაუსწრეს. მიმომხილველები ამბობენ, რომ შესაძლოა დემოკრატების წარმატებული „ფანდრაიზინგის“ უკან ტრამპის საწინააღმდეგო სენტიმენტები იყო. 2018 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე „ძვირი“ არჩევნებია ამერიკის კონგრესის ისტორიაში.

ფედერალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კონგრესისთვის ბრძოლაში კანდიდატებმა 2.3 მილიარდი დოლარი ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. დემოკრატებმა 400 მილიონით მეტი შემოწირულობა მოიპოვეს, ვიდრე მათმა რესპუბლიკელმა კოლეგებმა.

პოლიტიკური გაერთიანებებიდან მიღებული შემოსავლით რესპუბლიკელები დემოკრატებს უთანაბრდებიან. თუმცა, დემოკრატებმა რესპუბლიკელები ინდივიდუალური შემოწირულობების ნაწილში ჩამოიტოვეს, იქნება ეს ინტერნეტით თუ კამპანიის ღონისძიებებზე მიღებული შემოსავლით.

დაფინანსების უმეტესი ნაწილი სატელევიზიო დროის შესყიდვას ხმარდება - ეს ჯერ ისევ რჩება კანდიდატების რჩეულ გზად ამომრჩევლამდე ხმის მისატანად.

საგარეო პოლიტიკა

შუალედური არჩევნების წინ შიდა პოლიტიკური საკითხები დებატების მთავარი თემაა. თუმცა საშინაო პოლიტიკის მიღმა, დემოკრატი კანონდებლები ცდილობენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც მოიპოვონ უპირატესობა. დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ კონგრესის ერთ პალატაში მაინც მოიპოვებენ უმრავლესობას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტი გავლენა ექნებათ.

კონგრესში ძალთა ბალანსის შეცვლის შემთხვევაში, ვაჭრობიდან დაწყებული საიმიგრაციო პოლიტიკით დამთავრებული, დემოკრატები შეეცდებოდნენ ადმინისტრაციიაზე ზეწოლას. განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებშიც ისინი ტრამპმს არ ეთანხმებიან.

რესპუბლიკებელი, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის დროს მსგავს როლს თამაშობნენ, ოპონენტებს ორპარტიული კონსენსუსისკენ მოუწოდებენ, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება.

ხმის მიცემის პროცესი სხვადასხვა შტატში განსხვავებულ დროს დასრულდება, თუმცა დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, შტატების უმეტესობის პირველადი შედეგები იქნება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG