ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი აშშ-სთან უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს


ავღანეთის პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო ქაბულში უკმაყოფილება იზრდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00
ბმული

ქაბულში ანალიტიკოსები, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, რეგიონში სიტუაციის გართულებაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუკი ვაშინგტონი და ქაბული ვერ გამოვლენ ჩიხიდან და არ მიაღწევენ ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეთანხმებაზე ხელმოწერას მომავალ წლამდე არ აპირებს, რაც ვაშინგტონის განცხადებით 2014 წლის ბოლომდე რეგიონიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მთლინად გამოყვანას გამოიწვევს. ისლამაბადიდან შერონ ბენი მოგვითხრობს.

ქაბულში უკმაყოფილება იზრდება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოულოდნელი გადაწვეტილების გამო, რომ ის არ აპირებს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების პაქტზე ხელმოწერას, რამაც ექსპერტთა განცხადებით, მომავალში ქვეყანა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.
მაირვის მაქბილი ქაბულში მოქმედი პოლიტიკური კონსალტინგური ჯგუფის „ჰამბასტაგის“ წარმომადგენელია. ის აცხადებს, რომ კარზაის გადაწყვეტილების გამო ავღანეთში ყველა შეშფოთებულია.

მაირვის მაქბილი: ეს კატასტროფული ნაბიჯია და ამას ძალიან მძიმე გავლენა ექნება ავღანეთის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე.

ავღანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმება გულისხმობს პირობას ავღანეთში 10 ათასი სამხედრო მოსამსახურის დარჩენის თაობაზე, რომლებმაც სამთავრობო ჯარებს თალიბანის დაჯგუფებებთან წინააღმდეგობის გაწევაში დახმარება უნდა გაუწიონ. შეთანხმება ასევე ავღანეთის სპეცსამსახურებისთვის და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისთვის მილიარდობით დოლარის ფინანსურ მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

ორშაბათს, ქაბულში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს სუზან რაისს კარზაიმ განუცხადა, რომ უსაფრთხოების პაქტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ის თავის უარყოფითი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

სანაცვლოდ ავღანეთის პრეზიდენტმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა. ის ახალ გარანტიებს ითხოვს ამერიკელი სამხედროების ავღანეთის მოსახლეობის სახლებში რეიდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, და რომ ამერიკამ გულწრფელად მოინდომოს და დახმარება გაწიოს თალიბებთან შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენაში.

მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეერთებულმა შტატებმა 2014 წლის 5 აპრილს ავღანეთში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამართვა უზრუნველყოს.

კარზაის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას მეზობელ პაკისტანში მოღვაწე პოლიტიკური ანალიტიკოსი რასულ ბახ რეისიც გამოხატავს. მისი თქმით, ვაშინგტონის ეგრეთ წოდებული „ნულოვანი ვარიანტი“ რომლის მიხედვით ავღანეთში 2014 წლის შემდეგ არცერთი ამერიკელი სამხედრო აღარ უნდა დარჩეს, რეგიონში უფრო მასშტაბურ ძალადობას გამოიწვევს.

რასულ ბახ რეისი: თუ ამ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, პაკისტანში ჯიჰადის საბრძოლო პოტენციალი გაიზრდება, ის უფრო მასშტაბური გახდება, მეტი და მეტი ადამიანი გადავა ავღანეთში იმისათვის, რომ თალიბანს შეუერთდეს და მათთან ერთად იბრძოლოს. თუმცა ისინი იქ სამუდამოდ არ დარჩებიან, დაბრუნდებიან პაკისტანში და ჯიჰადის სახელით პაკისტანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ.

კვირას, ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის უხუცესთა საბჭო შეკრიბა, რომლის ლიდერია ლოია ჯირგა. უხუცესთა საბჭომ ავღანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი შეთანხმების პაქტი მოიწონა და ავღანეთის პრეზიდენტს მისი დაუყონებლივი ხელმოწერის რეკომენდაცია მისცა. ხელმოწერის შემთხვევაში შეთანხმება 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

საერთაშორისო კოალიციური ჯარების გაყვანის პროცესი ავღანეთიდან 2014 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG