თალიბანი შურისძიების მოწოდებით გამოვიდა „ამერიკელი ველურების“ დასასჯელად, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების არმიის სერჟანტმა 16 ავღანელი დახოცა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში.
ამერიკელი სამხედროების და ავღანეთის მთავრობის მტკიცებით, მკვლელმა თავისი სამხედრო ბაზა ყანდაარის პროვინციის პანჯვაის რაიონში თვითნებურად მიატოვა და დაუნდობლად ამოჟლიტა სოფლის მცხოვრებლები, შემდეგ კი ცხედრებს ცეცხლი წაუკიდა.
თალიბების განცხადებით ისინი ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპული თითოეული ავღანელის გამო იძიებენ შურს. შეერთებული შტატების საელჩომ გააფრთხილა ავღანეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ავღანეთის პარლამენტმა დაგმო ეს მკვლელობები და შეერთებული შტატების მთავრობას დამნაშავეების დასჯისკენ და მათი საჯარო გასამართლებისკენ მოუწოდა.
თებერვალში 40-მდე ადამიანი დაიღუპა ავღანეთში სახალხო გამოსვლების დროს, როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა რამდენიმე ათეული ყურანი დაწვეს ბაღრამის სამხედრო ბაზაზე.
ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ცხრა ბავშვის და სამი ქალის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ავღანეთში დასავლეთის სამხედრო კოალიციის სარდლობის წარმომადგენლის, ბრიგადის გენერლის კარსტენ ჯაკობსონის განცხადებით:“ სამწუხაროდ ეს ინციდენტები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია და კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა.“