ათწლიანი ომის შემდეგ ავღანეთს წინ ისევ დაძაბული წელი ელის. 2014 წელს შესაძლოა რეგიონიდან მთლიანად გავიდეს საერთაშორისო კოალიციური ძალები, რის მერეც ავღანეთს ფინანსური დახმარების შეჩერება, ეკონომიკის შესუსტება, ამბოხებულთა მხრიდან ძალადობის გაგრძელება ემუქრება. მომავალ წელს ავღანეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი შერონ ბერნი მოგვითხრობს.
2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ავღანეთის სათავეში პირველი არჩეული ხელისუფლება მოვა მას შემდეგ, რაც რეგიონში თალიბანის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ეგიდით ამერიკელები შევიდნენ. ამ დრომდე ქვეყანას პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მართავს.
წლების განმავლობაში კრიტიკოსები აცხადებდნენ კარზაი ამერიკელების ნდობით აღჭურვილი პირი და სანდო მოკავშირე იყო, თუმცა ახლა არაპროგნოზირებად ლიდერად გარდაიქმნა, რომელიც ქვეყნის საშინაო მოკავშირეებსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ერთნაირად უცრუებს იმედს.
თუმცა მისი პოლიტიკური მანევრირების მიუხედავად, კარზაი თავის ქვეყანაში მიმდინარე შეუქცევადი პროცესების სიმბოლოდ იქცა. ახალგაზრდები, რომლებიც ავღანეთის საქმიან ქალაქებში იზრდებიან, იმის მოლოდინში არიან რომ ქაბულში მდგომარეობა კვლავ უკეთესობისკენ შეიცვლება.
თუმცა უკანონობა და წინააღმდეგობა რომელიც ხელისუფლების შტოებში არსებობს, მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ვერ ჩატარდება. ამის შესახებ ანალიტიკოსი ქეით კლარკი საუბრობს.
კეით კლარკი: იდეალური კანდიდატი ნიშნავს, როდესაც მის გარშემო საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. ვფიქრობ, ეს რთული საკითხია. თუმცა გაყალბების შანსი იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია ამით კმაყოფილი დარჩეს ვინმე. საკითხი დგას იმაში, როგორი იქნება გაყალბების მასშტაბები.
ასევე კითხვები არსებობს, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების რეგიონში დარჩენასთან დაკავშირებით. დეკემბრის დასაწყისში, ჰამიდ კარზაიმ უარი განაცხადა ხელი მოეწერა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედროები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაში, ასევე ვეღარ გაუწევენ დახმარებას ავღანეთის სამხედრო ძალებს მომზადებასა და წვრთნაში.
პრეზიდენტმა კარზაიმ ავღანეთის უხუცესთა საბჭოს ლიდერები დატუქსა, რომლებმაც უსაფრთხოების პაქტი მოიწონეს. მათი განცხადებით, ამ ხელშეკრულებას ხელი ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოეწეროს და ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას შეუწყოს ხელი.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ამჟამად ცდილობენ კარზაის დაყოლიებას რომ უსაფრთხოების ხელშეკრულებას ხელი ამ წლის ბოლომდე მოაწეროს. მათი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ უსაფრთხოების პაქტის გაფორმების გადავადება 12 000 ამერიკელი ჯარისკაცის ავღანეთში დატოვების საკითხს კიდევ უფრო გაართულებს.
პრობლემა არსებობს ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოსთან, პაკისტანის გარშემოც. შეერთებული შტატები შეშფოთებულია ადგილზე შეიარაღებული ჯგუფების გაძლიერების გამო ,რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე გადასასვლელ ამერიკელების სატრანზიტო გზების უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმება თალიბანის დაჯგუფებებთან, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება შეერთებულ შტატებთან გასაფორმებელ უსაფრთხოების პაქტს, მაინც არ სრულდება.
თალიბანის ყოფილი წევრი, რომელიც ამჟამად ავღანეთის მშვიდობის საბჭოს წევრი, აბდულ ჰაკიმ მუჯაჰიდი ამბობს, რომ ბოევიკებთან შეთანხმების დადება ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
აბდულ ჰაჯიმ მუჯაჰადი: თუკი საპრეზიდენტო არჩვენებამდე ვერ შევძლებთ, საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას, და სათავეში მოვა პრეზიდენტი, რომელიც არ არის მოწადინებული რომ სიტუაცია პოლიტიკური მოწესრიგების გზით დარეგულირდეს, ჩვენ დავკარგავთ სულ ცოტა ხუთ წელს, მშვიდობის დამყარების ხუთ წელიწადს, და დამატებით კიდევ ხუთი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ, რომელიც ამ ქვეყანაში კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება.
ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურები სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების დროს სულ უფროდაუფრო საკუთარ თავზე იღებენ ინიციატივას. თუმცა ამ ბრძოლებში მათი მხრიდან დანაკარგების რაოდენობა შემთხვევები საკმაოდ დიდია. 2013 წლის პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, მარტში ავღანეთის სამხედრო ძალებში დანაკარგმა თვეში 300-ზე მეტი ჯარისკაცი შეადგინა. და ეს მაშინ, როდესაც თალიბანის მხრიდან ბრძოლის საგაზაფხულო სეზონი ახალი დაწყებული იყო.
ანალიტიკოსი კლარკი ამბობს, რომ სექტემბრის მონაცემებით, ავღანური სპეცსამსახურების რიგებში ყოველკვირეულმა დანაკარგმა 100 ჯარისკაცი შეადგინა.
ყოფილი მინისტრი, ჰამიდულა ფარუქი, რომელიც ახლა „სამართლიანობისა და ნდობის“ პარტიის წევრია, აცხადებს, რომ ქვეყნის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს ამერიკელების დახმარება 2014 წლის შემდეგაც დასჭირდებათ.
ჰამიდულა ფარუქი: ჩვენ ცოტა უკან სუსტები ვართ ამ სფეროში, ამიტომაც არ ვართ დარწმუნებულები შეძლებენ თუ არა ავღანური ძალები დამოუკიდებლად ქვეყნის დაცვას. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკა და რესურსები საკმარისი არ არის რათა ქვეყნის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები დავიცვათ.
კარზაის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება. ანალიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ ვაშინგტონი რამდენად მოისურვებს იმას, რომ ავღანეთის ლიდერს პრეტენზიები შეუსრულოს. თუკი შეერთებული შტატები რეგიონიდან სამხედრო ძალებს გამოიყვანს, რაც რვა მილიარდი დოლარის დახმარების შეწყვეტასაც ნიშნავს, ანალიტიკოსები ავღანეთს ბევრად უფრო დრამატული სიტუაციის თაობაზე აფრთხილებენ.