ჰარვარდელი იურისტი ამერიკის კონგრესში ერუდიტად ითვლება. კონგრესმენ ადამ შიფს, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დღეს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია: ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას უძღვება, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ბედს გადაწყვეტს. წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის საქმეს, საერთო ჯამში, 6 კომიტეტი იძიებს.
ვინ არის ადამ შიფი?
დავიწყოთ იმით, რომ ადამ შიფი უკვე 18 წელია კალიფორნიის შტატის დემოკრატი კონგრესმენია. 2019 წლის 3 იანვრიდან ის სათავეში უდგას წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს. მანამდე, სხვა კომიტეტებშიც არის ნამუშევარი, მათ შორის - საგარეო ურთიერთობების კომიტეტში. ადამ შიფი შეერთებული შტატების კონგრესში ზომიერი დემოკრატის რეპუტაციით სარგებლობს.
წარსული
დაიბადა მასაჩუსეტსის შტატში, ებრაელების ოჯახში. საშუალო სკოლა კალიფორნიაში დაასრულა, სადაც მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ. ადამ შიფს ორი პრესტიჟული სასწავლებელი აქვს დამთავრებული: ბაკალავრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა პოლიტიკურ მეცნიერებებში, შემდეგ კი ჰარვარდის იურიდიული სკოლა დაამთავრა.
თავიდან, კალიფორნიის გენერალური პროკურორის ოფისში, რიგით პროკურორად მუშაობდა. შემდეგ, გენერალური პროკურორის თანაშემწედ დააწინაურეს. ადამ შიფმა სახელი გახმაურებული პროცესით გაითქვა, რომელზეც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის ბრალდებას უძღვებოდა. აგენტს საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობა დაუმტკიცდა, კერძოდ - 65 000 დოლარის საფასურად, საიდუმლო დოკუმენტების საბჭოთა დაზვერვისთვის გადაცემა.
1996 წელს ადამ შიფი კალიფორნიის შტატის სენატში აირჩიეს. 2000 წელს მან შტატის კონგრესმენობა გადაწყვიტა. წარმატებული კამპანიის შემდეგ, შიფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. კონგრესმენობის პირველი ვადა 18 წლის წინ, 2001 წლის 3 იანვარს დაიწყო და ახლა მე-10 ვადით მსახურობს.
მუშაობა კონგრესში
შიფს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ 2003 წელს, ის გვერდში დაუდგა რესპუბლიკელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების შეჭრას ერაყში. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, აღიარა, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობს. კონგრესმენი არასწორ გადაწყვეტილებას დაზვერვის მაშინდელ მონაცემებს აბრალებს, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არასწორი იყო.
შიფი, წარმოშობით სომეხი ამერიკელების ლობისტობით არის ცნობილი. კონგრესმენი ამბობს, რომ კალიფორნიაში, მის უბანზე 70 000 სომეხი ცხოვრობს. სწორედ ადამ შიფი იყო წარმომადგენელთა პალატაში სომხების გენოციდის სახელით ცნობილი 106-ე რეზოლუციის ინიციატორი. რეზოლუციას თავიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, მას ბოლომდე მსვლელობა არ მიეცა.
ის დაზვერვის მიმართულებით კონგრესში ჩატარებულ, რამდენიმე გამოძიებაში მონაწილეობდა და ცნობილია, როგორც დაზვერვის სისტემური რეფორმირებისთვის მებრძოლი კანონმდებელი. ადამ შიფმა 2006 წელს კონგრესში სიტყვის თავისუფლების დაცვის ორპარტიული მეგობართა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც მედიის წარმომადგენლების უფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლობირებს.
ურთიერთობა ტრამპთან
მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ იმპიჩმენტის გამოძიებას ოფიციალური სვლა მისცა და მის ხელმძღვანელად ადამ შიფი დაასახელა, რესპუბლიკელების მხრიდან კონგრესმენზე თავდასხმა გაძლიერდა. განსაკუთრებით აქტიურობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
არც ადამ შიფია პასიურად. ის პრეზიდენტს აქამდეც ხშირად ადარებდა მაფიის ბოსებს, რომელიც ხშირად მიმართავს სხვების შეურაცხყოფას, რათა მათ ან თანხა გამოსძალოს, ან მისთვის საჭირო დაპირებები.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადამ შიფი "მოღალატედ" გამოაცხადა და თქვა, რომ ის დასაჭერია. ტრამპი არც სხვა ეპითეტებს მორიდებია და კონგრესმენზე უთქვამს, რომ ის "მდაბიოა" და "მატყუარა".
ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ოთხშაბათის შემდეგ, როცა კონგრესმენმა შიფმა გამოძიებისთვის თეთრი სახლიდან დოკუმენტები გამოითხოვა და დაიმუქრა, რომ ამჯერად ისინი "აღარ ხუმრობენ".
Facebook Forum