ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ აფხაზებსა და ოსებს განათლებასა და მოგზაურობას სთავაზობს


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტისას საინტერესო და სასარგებლო წინადადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც გააკეთა. მან განაცხადა: ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, აღიაროს ის ნეიტრალური სტატუსის პასპორტები, რომელთაც საქართველო უკვე ერთი წელია სთავაზობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს. ამ დოკუმენტის საშუალებით, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაადგილება უახლოეს მომავალში აფხაზებსაც და ოსებსაც შეეძლებათ. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში. აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ხელი გაუწოდოს აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს. სწორედ ამ იდეის ხორცშესხმისთვის, ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო და საიდენტიფიკაციო ბარათების მეშვეობით აშშ უზრუნველყოფს რეზიდენტისთვის განათლებისა და მოგზაურობის უფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი შერიგებისთვის, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან გადაჭრას“,– განაცხადა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების თემას გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოსური, ისე აფხაზური მხრიდან. მათი ძირითადი მესიჯი მდგომარეობს იმაში, რომ ნეიტრალური პასპორტები დე–ფაქტო რესპუბლიკებში არ სჭირდებათ და რომ მათი მიღება საქართველომ დააგვიანა.

ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური სამოქალაქო დისკუსიის ფარგლებში შეხვედრებზე, რომლებიც ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმართება, აფხაზებსა და ოსებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ საკუთარი აზრი ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ზოგადად, ამ თემის ირგვლივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ბევრი კითხვა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მეგი ბიბილური, შეხვედრების მონაწილე და ქართულ–ოსური არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი– ქართლოსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დე–ფაქტო ხელისუფელბის დამოკიდებულება ნეიტრალური სტატუსის პასპორტებთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითია. იგი აცხადებს იმასაც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია ამგვარი დოკუმენტის არსებობის შესახებ. „ჩვენ ვუშვებთ გაზეთსაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეც აღწევს, სწორედ იქ დავბეჭდეთ ინფორმაცია აღნიშნული დოკუმენტების შესახებ, რის შემდეგაც საკმაოდ ბევრი კითხვით მოგვმართეს. აინტერესებდათ ისეთი ტექნიკური დეტალებიც კი, თუ როგორ შეიძლება თანხის გადახდა ნეიტრალური პასპოსტის მისაღებად, რადგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბანკომატები არ არსებობს. მათთვის პრობლემაა ისიც, რომ ნეიტრალური პასპორტის გამოყენების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლები მაინცდამაინც საქართველოს გავლით უნდა დატოვო,“– აცხადებს მეგი ბიბილური.

ნეიტრალური პასპორტის აღება ელექტრონულადაა შესაძლებელი. ამისთვის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური ცხრილი უნდა შეივსოს. ჩვეულებრივი ქართული პასპორტისგან განსხვავებით, ნეიტრალურ პასპორტზე არაა აღნიშნული, რომ იგი ქართული დოკუმენტია. საზღვრის გადაკვეთისას მისი დადასტურება ხდება მხოლოდ კოდით: გეო. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური სტატუსის პასპორტები აფხაზებისა და ოსებისთვის ისეთი წინადადება არაა, რასაც ისინი სიხარულით იღებენ. პირველ რიგში იმის გამო, რომ დოკუმენტი საქართველომ ცალმხრივად, აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების გარეშე მიიღო. „ამდენად, მათთვის ეს პასპორტიც ჩვეულებრივ ქართულ პასპორტთან იგივდება. მათთვის ამ ორ დოკუმენტს შორის განსხვავება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ქართული პასპორტით მათ ყველა ქვეყანა მიიღებს“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ნეიტრალური სტატუსის პასპოსტებით ამ დროისთვის გადაადგილება შესაძლებელია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩეხეთში, იაპონიასა და ირლანდიაში.

XS
SM
MD
LG