ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაცხოვრის სუდარა ტურინში გამოფინეს


მაცხოვრის სუდარა ტურინში გამოფინეს
მაცხოვრის სუდარა ტურინში გამოფინეს
<!-- IMAGE -->

ყველაფერი მზადაა იტალიის ჩრდილოეთ ქალაქ ტურინში სახელგანთქმული ტურინის სუდარის საჯაროდ გამოსაფენად, რომელსაც ერთნი იესო ქრისტეს დასამარხ სუდარად მიიჩნევენ, მეორენი კი შუა საუკუნეების დროს შექმნილ სიყალბედ.

ტურინის მერიის განცხადებით სუდარის ნახვის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დამთვალიერებლებს მხოლოდ სამი წუთი ექნებათ დრო ამ იდუმალებით სავსე სუდარას უმზირონ.

მაცხოვრის სუდარას ტურინის საკათედრო ტაძარში 44 დღის განმავლობაში გამოფენენ, უკანასკნელად ის კათოლიკურმა ეკლესიამ 2000 წელს გამოიტანა სააშკარაოზე. ტურინის სუდარის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის ბრუნო ბარბერისის განცხადებით სუდარა პირველად გამოიფინება საგულდაგულო გაწმენდის შემდეგ.

„ 2002 წელს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ სუდარას თანამედროვე პირობებში მაქსიმალური კონსერვაცია გაუკეთდა.“

მე-16 საუკუნეში გაჩენილი ხანძრის გამო ტურინის სუდარაზე გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა მაშინდელ პირობებში. ახლა საზოგადოებას საშუალება ეძლევა პირვანდელი სახით აღდგენილი სუდარა იხილოს.

ამ გამოფენაზე ტურინის სუდარას 2 მილიონი ადამიანი ნახავს საკუთარი თვალით. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო პოპულარული რელიკვიაა. ბრუნო ბარბერისის განცხადებით დღემდე ვერავინ ახსნა დამაჯერებლად ტურინის სუდარის საიდუმლოება. მისი თქმით:“ ჩვერ დარწმუნებულნი ვართ რომ სუდარაზე ადამიანის ცხედარის სასწაულებრივი, ნამდვილი გამოსახულებაა აღმეჭდილი და არა რომელიმე გენიალური მხატვრის ნამუშევარი.“

1988 წელს ჩატარებული ექსპერტიზა ამტკიცებდა რომ სუდარაზე აღბეჭდილი ადამიანი არ შეიძლება იესო ქრისტე ყოფილიყო, რადგან თავად სუდარა შუასაუკუნეებით თარიღდება. თუმცა ექსპერტების უმეტესობა არ იზიარებს ამ თვალსაზრისს და განმეორებითი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.

მონსინიორ ჯუზეპე ჯიბერტის განცხადებით:“ ვატიკანი არ არის ახალი ექსპერტიზის წინააღმდეგი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.“

მისი თქმით ვატიკანი არასოდეს ამტკიცებდა რომ სუდარაზე ზუსტად იესო ქრისტეს გამოსახულება იყო აღბეჭდილი, მაგრამ ფაქტია რომ მასზე არის გამოსახული კაცი, რომელიც ზუსტად მაცხოვრის მსგავსად გააკრეს ჯვარზე.

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 2 მაისს ჩავა ტურინში და თავისი წინამორბედების მსგავსად საკუთარი თვალით იხილავს ამ სასწაულს.




XS
SM
MD
LG