ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოისმინეთ ინტერვიუ ექსპერტთან თურქეთის საკითხებში შაბან კარდაშთან



15 აგვისტოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ დააკავა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი “ბუკეტი” საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის გამო. 31 აგვისტოს ხსენებული გემის თურქ კაპიტანს, მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქს მიესაჯა 24-წლიანი პატიმრობა კონტრაბანდული საქმიანობისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის.

2 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ბურაკ ოზუგერგინმა განაცხადა, რომ გემის უკანონოდ დაკავებით საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სანაოსნო კანონმდებლობა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ თბილისში იმყოფება ამჟამად და ვიზიტის დროს, როგორც მოსალოდნელია, თურქი კაპიტნის დაკავების საკითხიც იქნება განხილული. პარასკევს, 4 სექტემბერს, დავუტოღლუმ განაცხადა, რომ საქართველოს მხარე გაანთავისუფლებს კაპიტანს, თუ იგი 18,000 დოლარის ჯარიმას გადაიხდის. ამ ინციდენტსა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოვართვით თურქ ექსპერტს შაბან ქარდაშს. ბატონი ქარდაში იუტას შტატის უნივერსიტეტში ასწავლის და ვებგვერდ Insight Turkey-ს რედაქტორის მოადგილეა. მას ბევრი ანალიტიკური სტატია აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის ჯეიმსთაუნის ფონდის ცნობილ ყოველდღიურ ანალიტიკურ დაიჯესტში Eurasia Daily Monitor-ში.

კითხვაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინციდენტი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებისთვის, ბატონმა ქარდაშმა განაცხადა:

“ეს ინციდენტი შეიძლება გადაიზარდოს დიდ კრიზისში, თუ შეუძლებელი გახდა მისი სათანადო გადაწყვეტა. უნდა გავიხსენოთ ის, რომ ურთიერთობა თურქეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კავკასიის მთელს რეგიონში. თურქეთი საქართველოს აღიქვამს როგორც მოკავშირე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში და ამდენად თურქეთი თანამშრომლობს საქართველოსთან ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ასე რომ სახელმწიფო დონეზე ურთიერთობა ზოგადად პოზიტიურია. მაგრამ რაც შეეხება თურქი ხალხის დამოკიდებულებას, აფხაზების მიმართ მხარდაჭერა შესამჩნევია. თურქეთში ოსების სათვისტომო უმნიშვნელოა, ხოლო აფხაზების დიასპორა საკმაოდ დიდია. ამდენად საქართველოს სეპარატისტული რეგიონების და განსაკუთრებით, აფხაზეთის მიმართ თურქები მხარდაჭერას გამოთქვამენ. ეს გარემოება წარმოშობს დაძაბულობას მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენებს შორის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.”

ქარდაშს მიაჩნია, რომ თუ ინციდენტის გამო ორმხრივ ურთიერთობებში წარმოქმნილი დროებითი კრიზისის გადაჭრა ვერ მოხერხდა დროულად, მაშინ სავსებით მოსალოდნელია, რომ მას საქართველოსთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს თურქეთში. თურქული საზოგადოებისთვის ის ფაქტი, რომ კაპიტანს მიუსაჯეს პატიმრობის 24 წელი, წარმოადგენს გადაჭარბებულ სასჯელს, ხოლო ეს კი ხალხში საქართველოს მიმართ რისხვას გამოიწვევს. გარდა ამისა თურქეთის მთავრობაზე ზეწოლას ახდენს აფხაზებისა და ჩრდილოეთ კავკასიელების მრავალრიცხოვანი დიასპორა და სხვა ჯგუფები. მაგალითად, აფხაზების დიასპორამ პეტიცია გაუგზავნა თურქეთის მთავრობას თხოვნით თურქი კაპიტანის განთავისუფლების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ქარდაშმა აგრეთვე აღნიშნა:

“აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თურქეთის შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ თურქეთიდან აფხაზეთში სხვადასხვა საქონლის გადაზიდვას სწორედ ეს ორგანიზაცია ასრულებს. ასოციაცია ირწმუნება, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა თურქულ გემებს საერთაშორისო წყლებში აკავებს და არა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს მათ დიდ შეშფოთებას იწვევს. ამის გარდა, ასოციაციის წარმომადგენლები ამბომბენ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა არ აკავებს რუსულ გემებს რომელიც აფხაზეთში მიემართება, ხოლო თურქულ გემებს კი ისინი აკავებენ. ასე, რომ ეს საკითხი დიდი ხანია რაც უკმაყოფელბის საგანია მათთვის.”

კითხვაზე თუ რით არის გამოწვეული ოფიციალური ანკარის პასიურობა საქართველოს მიერ აფხაზეთზე ეკონომიკური ემბარგოს შესრულებასთან დაკავშირებით, და კერძოდ თუ რატომ არაა გადადგმული გარკვეული ნაბიჯები უკანონო საზღვაო მიმოსვლის აღკვეთასთან დაკავშირებით, ქარდაშმა განაცხადა, რომ ოფიციალურად თურქული მთავრობა დღემდე მხარს უჭერს ემბარგოს, მაგრამ სავაჭრო კავშირები კერძო კომპანიების საქმიანობას წარმოადგენს. ამდენად, ქარდაშის თქმით, რასაკვირველია თურქეთის მთავრობა იმსახურებს კრიტიკას რადგან ემბარგო ფაქტობრივად არ სრულდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თურქეთის მთავრობა უბრალოდ არ ერეოდა ამ სფეროში ვინაიდან ანკარა ცდილობდა აფხაზებისა და ჩრდილოეთ კავკასიის დიასპორასთან ისევე როგორც კერძო კომპანიებთან დაპირისპირების თავიდან აცილებას. ქარდაშმა დასძინა:

“თურქეთის მთავრობა წნეხის ქვეშ მოექცა ამ საკითხთან დაკავშირებით და მასგან ემბარგოს გაუქმებას ითხოვენ რადგან თურქეთში ხშირია დებატები, რომელშიც გაისმის ის მოსაზრება, რომ თუ საქართველო გააგრძელებს აფხაზეთის იზოლაციას, მაშინ ამით აფხაზეთის ინტეგრაცია რუსეთთან გარდაუვალი გახდება. ამდენად ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით თურქეთის მთავრობა უნდა გააქტიურდეს და გადადგას გარკვეული ნაბიჯები რათა გამოუვალი მდგომარეობიდან მოიძებნოს გამოსავალი და რეგიონში ახალი, უფრო კონსტრიქციული პროცესი წამოიწყოს.”

XS
SM
MD
LG