კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების და "მარიონეტების ოსტატის" ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო. ის ამის შესახებ პლატფორმა "X"-ზე წერს.
"საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია უნდა დაწესებულიყო. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რომ ამ მოქმედ პირებს ანგარიშვალდებულება დაეკისროთ ქართველი ხალხის შევიწროებისა და მათი უფლებებისა და სურვილების პატივისცემაზე უარის თქმის გამო", - ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.
ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე განცხადება გააკეთა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმაც. რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, და რომ ის ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. "მე მას ვეთანხმები, საქართველოსთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი არჩევნებია", - ამბობს უილსონი და დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ ნებას გამოხატავს.
"ეუთო/ოდირის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რაც მანამდეც ვთქვი, "ქართული ოცნების" დე-ფაქტო მთავრობა არაა ლეგიტიმური. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით", - ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა მანამდე დაწესებული სავიზო შეზრუდვები ქართველი ოფიციალური პირების მიმართ. ამის მიზეზად ქვეყანაში "დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა" დასახელდა. ამასთან, გასულ კვირას ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ "მაგნიტსკის გლობალური აქტის" ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დაასანქცირა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.