ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ",- წერია მიშელის განცხადებაში.
„აღვნიშნავთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას“, - ამბობს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ევროკავშირსკენ მიმავალ ქვეყნის გზაზე.
„ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ევროკავშირსკენ ქვეყნის გზაზე, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შარლ მიშელის განმარტებით, ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.