24 სექტემბერს სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა 58 წლის რაიან უესლი რუთს. ბრალდების მიხედვით, ის ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გოლფის მოედანზე შეიარაღებული ჩაუსაფრდა და 12 საათი ელოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი მოეკლა.
რუთი თავდაპირველად იარაღის უკანონო ფლობის გამო დააკავეს, მაგრამ მისთვის წაყენებული ახალი ხუთპუნქტიანი ბრალდება გაცილებით მძიმეა. გამომძიებლების ცნობით, საქმეში ფიგურირებს წერილი, რომელშიც ბრალდებული დანაშაულის ჩადენამდე თავად ადასტურებს საკუთარი გეგმის მიზნებს.
წარუმატებლობის შემთხვევაში, რუთი წერილში ბოდიშს უხდის "სამყაროს", რომ ტრამპის მოკვლა ვერ შეძლო და ამ საქმის "სისრულეში მომყვანს" $150,000-იან გასამრჯელოსაც კი ჰპირდება. მანქანაში კი მას უპოვეს ხელნაწერი, რომელშიც ტრამპის სამი თვის საარჩევნო მარშრუტები დეტალურადაა აღწერილი.
რუთის გეგმის შესრულებას ხელი ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრმა, შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა შეუშალა. მან გოლფის მოედნის მახლობლად, სადაც ტრამპი თამაშობდა, ბუჩქებში მოძრავი თავდამსხმელის სახე და იარაღი შენიშნა. რუთმა ადგილიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ის მალევე ტრასაზე დააკავეს.
რუთის შვილი სხვა საქმეზე დააკავეს
24 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია რუთის შვილი, ორან ალექსანდრე რუთი. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინსბოროში მისი სახლი მამის, რაიან რუთის ბრალდებასთან დაკავშირებით გაჩხრიკეს.
ორან რუთი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ მის სახლში ასობით ფაილი აღმოაჩინა, სადაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობაა ასახული, ნათქვამია გამოძიების ფედერალური სააგენტოს განცხადებაში. მას ორი ბრალდება ემუქრება, მათ შორის ერთი ფედერალური დანაშაულის - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალის ფლობა და მიღება.
Facebook Forum