ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუგებარია, რატომ მიდის ქვეყანა უკან - სენატორი რიში საქართველოზე


სენატორი ჯიმ რიში
სენატორი ჯიმ რიში

შეერთებული შტატების სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე და დემოკრატიის შეზღუდვის სხვა მეთოდებზე იმსჯელეს. მოსმენაზე საუბარი გაიმართა ჰონგ-კონგში, ჩინეთში, საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დემოკრატიული უფლებების შევიწროების მცდელობებზე და ამ მიზნით, მთავრობათა მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მტრულად განწყობილი კანონების მიღებაზე.

მოწმეთა შორის იყვნენ დუგლას რატზენი - არასამთავრობოთა კანონმდებლობის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, აქუი ვანგი - კვლევების დირექტორი „ფრიდომ ჰაუზში“ და ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოსთან დაკავშირებით, სენატორმა ჯიმ რიშმა ეკა გიგაურს შემდეგი კითხვა დაუსვა:

„ქალბატონო ეკა, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. ამას 2012 წლიდან ვაკვირდებით და [გაოცებით] თავს ვაქნევთ, რადგან ვხედავთ უკუსვლას და ეს არ გვესმის. ვგულისხმობ, რომ თქვენს ქვეყანაში, სადაც სულ რაღაც ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, როგორც ჩანს, მაინც საგულისხმო მოძრაობაა მმართველობის რუსული ფორმისა და რეპრესიებისკენ. ჩვენ უბრალოდ არ გვესმის - თქვენ გათავისუფლდით რუსეთისგან, რატომ მიდის ქვეყანა ამ მიმართულებით, უკან? ვუყურებთ რა საქართველოს, მას ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას ვადარებთ. აქედან ორს, ასევე მცირე მოსახლეობა ჰყავს და გეტყვით, რომ ამ ხალხს ჩვენთან ურთიერთობა აქვს, ისინი ერთიანი არიან, არიან მტკიცენი, ეშინიათ და სურთ დავეხმაროთ მათ - მათ არ სურთ რაიმე ფორმით საქმე ჰქონდეთ რუსეთთან, არცერთი ფორმით. ამავდროულად არის საქართველო, სადაც შეიჭრა რუსეთი, დაიპყრო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ ამ ტერიტორიებს დატოვებდა და ეს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებული აქვს. გასაგებია, რომ ეს იოლი არ არის, მაგრამ რატომ? დაგვეხმარეთ გავიგოთ, რატომ უნდა გყავდეთ ადამიანთა ამდენად მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებსაც, როგორც ჩანს, სურთ უკან დაბრუნდნენ, კომუნისტურ და სოციალისტურ ცხოვრებაში, როგორც ეს რუსეთს ჰქონდა“?

ეკა გიგაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა უკვე წლებია ორგანიზებას უწევს დეზინფორმაციის კამპანიებს, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დასავლური ფასეულობებისთვის ძირის გამოთხრას, ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მაინც დასავლური ინტეგრაცია სურს.

გიგაურმა საქართველოში დეზინფორმაციის მაგალითებად დაასახელა კამპანიები, თითქოს ლიბერალური ჯგუფები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდიან, რომ „ენჯეოებს სძულთ ყველაფერი ეროვნული“, მათ „მხოლოდ ლგბტ უფლებები ადარდებთ“ და ა. შ. ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლება ქართველი ხალხის ემოციებით თამაშობს, “მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არ არის უმრავლესობა. უმრავლესობას კვლავ დასავლეთთან ინტეგრაცია სურს“.

სენატორმა რიშმა მისი პასუხის მოსმენის შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ეს მართლაც ასეა და ამას საქართველოში მომდევნო თვეში დანიშნული არჩევნებიც დაადასტურებს:

"ვიმედოვნებ, მართალი ხართ. დღევანდლ სამყაროში, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდოომია, ასევე ყოველთვის არის დეზინფორმაცია. ჩვენ, ამერიკელებს, გვჯერა, რომ თუ ყველაფერს, ყველა ფაქტს მაგიდაზე დაალაგებ, ჭკვიანი ხალხი, ნაწილობრივ ჭკვიანი ხალხიც კი, საკმაოდ სწრაფად აცნობიერებს, რომ დემოკრატია გაცილებით უკეთესია, ვიდრე ავტოკრატია. რასაც თქვენ ამბობთ, ამ სახის დეზინფორმაციას აქაც ვხედავთ, მაგრამ მისი გავლენა საკმაოდ მინიმალურია. მე იმედს მაძლევს, როცა ამბობთ, რომ უმრავლესობას სურს, სწორი რამ გააკეთოს. გეტყვით, რომ მომდევნო თვეში, არჩევნებს დავაკვირდებით. თუ მართალია ის, რასაც თქვენ ქართველ ხალხზე, მათ სურვილზე ამბობთ, მაშინ ოქტომბერში მათ მიეცემათ შესაძლებლობა გააგდონ ეს არამზადები და ხელში აიღონ საკუთარი მომავალი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით [მოვლენებს], თქვენთვის ვილოცებთ და ვიმედოვნებთ, ეს იმუშავებს".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG