ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამები კამალა ჰარისს საპრეზიდენტო რბოლაში მხარდაჭერას უცხადებენ


ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დემოკრატიული საპრეზიდენტო პარტიის კანდიდატად მხარდაჭერა გამოუცხადეს. დაახლოებით 9-წუთიანი სატელეფონო ზარისას წყვილმა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს უთხრა, რომ მისით ამაყობენ და ყველაფრით დაეხმარებიან იმისთვის, რომ მომავალი წლის იანვარში ოვალური კაბინეტი დაიკავოს.

"ჩვენ დაგირეკეთ, რომ გითხრათ მიშელი და მე ამაზე უფრო მეტად ვერ ვიამაყებდით, რომ მხარი დაგიჭიროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია ამ არჩევნების განმავლობაში და შემდეგაც, ოვალურ კაბინეტში", -უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა პრეზიდენტობის კანდიდატს.

"მე შენით ვამაყობ. ეს ისტორიული რამ იქნება" - ეს კი უკვე მიშელ ობამას სიტყვებია, რომელსაც ზოგიერთი დემოკრატი პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატადაც კი განიხილავდა.

კამალა ჰარისმა ობამების ოჯახს მადლობა გადაუხადა როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე - ხანგრძლივი მეგობრობისთვის.

"ორივეს დიდი მადლობა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ყველაფერი სახალისოც იქნება" - თქვა მან.

ჰარისს დემოკრატი დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა აქვს, რომ ჩიკაგოში დაგეგმილ კონვენციაზე პარტიის ნომინაცია მოიპოვოს. მისი კამპანიის ირგვლივ დემოკრატი ლიდერები და დონორები ერთიანდებიან. პრეზიდენტი ობამა პარტიაში და მის ამომრჩეველში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფიგურად რჩება, შესაბამისად, მის მხარდაჭერას ბევრი ყურადრებით ელოდა. თუმცა როგორც ჩანს ობამა პარტიის გადაწყვეტილებას ელოდა იმ პროცესის შესახებ, თუ ვინ და როგორ უნდა დასახელდეს ნომინანტად ამ ვითარებაში. მისი მხარდაჭერა ჰარისისთვის პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იქნება და - ფინანსურადაც. ჯო ბაიდენის კამპანიის ფარგლებში ფინანსების მოსაზიდ ყველაზე დიდ და წარმატებულ ღონისძიებებში სწორედ პრეზიდენტი ობამა მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG