ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ბოდიში და 225-მილიონიანი დახმარება უკრაინას


ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის 80 წლის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე. 6 ივნისი, 2024 წ.
ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის 80 წლის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე. 6 ივნისი, 2024 წ.

7 ივნისს საფრანგეთში მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას პირველად მოუხადა საჯარო ბოდიში. ჯო ბაიდენმა ამერიკული სამხედრო დახმარების შეფერხებისთვის მოიბოდიშა, რამაც რუსეთს ბრძოლის ველზე დაწინაურების და გარკვეული მიღწევების საშუალება მისცა.

საფრანგეთში, ნორმანდიის ნაპირებზე მოკავშირეთა გადასხმის 80 წლის იუბილეს აღსანიშნ ღონისძიებებს ესწრება უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს კიევის ორპარტიული მხარდაჭერისკენ მოუწოდა, „როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო”.

რუსეთის თავდასხმასთან მებრძოლი უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო სამხედრო დახმარების დამტკიცება ამერიკის კონგრესში თვეობით გაჭიანურდა. დახმარებას კონსერვატიულად განწყობილი რესპუბლიკელები ნახევარი წლის განმავლობაში ბლოკავდნენ და სანაცვლოდ დემოკრატი პრეზიდენტისგან მნიშვნელოვან დათმობებს ითხოვდნენ, ძირითადად საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით.

ბაიდენმა ნორმანდიაში უკრაინის მხარდაჭერა რამდენჯერმე დაადასტურა. "ჩვენ თქვენთან ვართ, სრულებით, საფუძვლიანად", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებმაც საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს.

დღესვე ბაიდენსა და ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. მათი შეხვედრის წინ, ვაშინგტონმა განცხადება გააკეთა უკრაინისთვის დაახლოებით 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების თაობაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, უახლესი პაკეტი სხვა სახის დახმარებასთან ერთად, მოიცავს საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, საარტილერიო დანადგარებისა, თუ "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG