საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, ე.წ „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად, საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების კანონი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
დღეს, 3 ივნისს გაირკვა, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა. პროცედურის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ შეუძლია დოკუმენტზე ხელმოწერა პარლამენტის თავმჯდომარეს.
იმ ფონზე, როცა კანონის მიღებას ათობით ათასობით ადამიანი აპროტესტებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები კი ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარემ ე.წ. აგენტების კანონს „ყველაზე ქართული კანონი“ უწოდა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ე.წ. „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, როცა ე.წ. „აგენტების კანონი“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებს ევროკავშირშიც განიხილავენ.