ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპი არ არის დაცული საარჩევნო დივერსიის ბრალდებებისგან


შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს არ აქვს იმუნიტეტი სამართლებრივი ბრალდებებისგან, რომ 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მისი შედეგების შეცვლას გეგმავდა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ დადგენილებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა უპრეცედენტო სისხლის სამართლის პროცესს.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, უარყო ტრამპის საჩივარი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რადგან ბრალდებები მისი, როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ პასუხისმგებლობებს ეხება.

„ამ სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, გახდა მოქალაქე ტრამპი, დაცვის იმავე უფლებით რაც აქვს სისხლის სამართლის საქმეზე ნებისმიერ სხვა ბრალდებულს. მაგრამ, ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფლების იმუნიტეტი, რომელიც მას, შესაძლოა, იცავდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, მას ამ დევნისგან აღარ იცავს“, - აცხადებს მოსამართლეთა კოლეგია ერთსულოვნად.

არსებობს მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი სასამართლოს ამ დადგენილებას გაასაჩივრებს. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, უარყოფს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მცდელობას, თავიდან აიცილოს სასამართლო პროცესი, ამერიკის დემოკრატიისთვის და ძალაუფლების გადაბარების პროცესისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის ბრალდებით. მაშინაც კი, როდესაც ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის, მოწინავე პოზიციაზეა.

სასამართლოში საქმე მინიმუმ 12 თებერვლამდე შეჩერებული იქნება, რათა ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს, ამ გადაწყვეტილების აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაბამისი დრო მიეცეს.

ტრამპის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ყოფილ პრეზიდენტებს ჰქონდათ ყოვლისმომცველი სამართლებრივი დაცვის უფლება და არ შეიძლებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ოფიციალური ქმედებებისთვის, წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის და სენატის მიერ, თანამდებობიდან გადაყენების გარეშე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, დონალდ ტრამპს, იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა, თუმცა სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ორივე შემიხვევაში, იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს.

თავად დონალდ ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა თავისი იმუნიტეტის შესახებ. სოციალურ მედიაში 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს: „ყველა პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სრული და აბსოლუტური იმუნიტეტი, ან აშშ-ის პრეზიდენტის, უფლებამოსილებები და გადაწყვეტილების მიღების უნარი სამუდამოდ გაქრება.“

სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმითის მიერ წაყენებული საბრალდებო დასკვნა ტრამპს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ განცხადებების გამოყენებაში, რათა ზეწოლა მოეხდინა კანონმდებლებზე, იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე და მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე, რათა შეჩერებულიყო სენატში არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი. ეს არის ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან, არჩევნებში ჩარევის ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი.

დონალდ ტრამპი, მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროკურორებს პოლიტიკურად მოტივირებულ მოქმედებაში ადანაშაულებს.

იმუნიტეტის შესახებ ტრამპის საჩივარი, მანამდე, დეკემბერში ასევე არ დააკმაყოფილა აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ტანია ჩუტკანმა. სწორედ მისი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ყოფილმა პრეზიდენტმა ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში.

მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპის არგუმენტებს სასამართლოები არ გაითვალისწინებს, სააპელაციო საჩივარი სავარაუდოდ მიაღწევს მის მიზანს, 4 მარტს დაგეგმილი სასამართლო პროცესი გადადოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

თუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მას უფლება ექნება მოითხოვოს საკუთარი თავის შეწყალება, ან საქმის დახურვა იუსტიციის დეპარტამენტს მოსთხოვოს.

ტრამპს შეუძლია, კოლუმბიის ოლქის და აშშ-ის უზენაეს სასამართლოებს, გადაწყვეტილების გადახედვა მოსთხოვოს, რამაც შესაძლოა, საქმის განხილვა კვირებით და თვეებით გაახანგრძლივოს.

XS
SM
MD
LG