ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავშირი დეპრესიას და ფერმენტირებულ საკვებს შორის - ახალი კვლევა რუბრიკაში „გალილეო“


ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ ეხმარება ცოცხალ ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ბაქტერიების ჯგუფი, სახელად „ლაქტობაცილა“ (Lactobacillus), რომელსაც უმეტესად ფერმენტირებულ საკვებში პოულობენ. შესაბამისად, ის შესაძლოა დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების სამკურნალოდ იქნას გამოყენებული.

ფერმენტირებული საკვების უმეტესი ნაწილი ნებისმიერ ქვეყანაში ფართოდაა ხელმისაწვდომი. მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მწნილი - დამჟავებული ბოსტნეული, ასევე, რძის პროდუქტები - მაწონი, იოგურტი და ყველი. თანდათან უფრო პოპულარული ხდება კომბუჩას ჩაი და უმეტესად აზიურ ქვეყნებში გავრცელებული ფერმენტირებული სოიოს პროდუქტები - მისო, ტემპე, ნატო...

ახალი ნაშრომის ავტორები ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები არიან, დოქტორ ალბან გოტიეს ხელმძღვანელობით. თაგვებზე ჩატარებული „ჩვენი წინა კვლევებიდან უკვე ვიცოდით, რომ „ლაქტობაცილა“ სასარგებლო იყო აფექტურ აშლილობასთან და ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავების პროცესში, მაგრამ ამის გამომწვევი მიზეზები გაურკვეველი იყო, უმთავრესად - მიკრობიომის შესწავლასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო“, - აღნიშნავს გოტიე ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

მეცნიერების განმარტებით, მიკრობიომი წარმოადგენს ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების ერთობლივ ეკოსისტემას, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი ადამიანის ორგანიზმში და მის კანზეც კი. მარტო ნაწლავებში იმაზე ბევრად მეტი მიკროორგანიზმი ცოცხლობს, ვიდრე ადამიანის ორგანიზმის უჯრედებია, ერთად აღებული.

ბოლო წლებში უზარმაზარი ყურადღება ექცევა მიკრობიომის დარღვევების შესწავლას, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ავადმყოფობით, მკურნალობით, არასწორი დიეტით და ბევრი სხვა მიზეზით. არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ მიკრობიომის დარღვევები ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების წარმოშობას, ან გამწვავებას და კიბოს უჯრედების გავრცელებასაც კი.

პრობიოტიკებით - სასარგებლო ბაქტერიებით ნაწლავის ფლორის მანიპულირების ადრეულმა მცდელობებმა არაერთგვაროვანი შედეგი გამოიღო. ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა განმარტებით, პრობლემას უმეტესად მიკრობიომის შესწავლასთან დაკავშირებული, ტექნიკური სირთულე წარმოადგენს - თითოეულ ჩვენგანში ხომ 39 ტრილიონი მიკროორგანიზმი ცხოვრობს და მათ შორის კონკრეტული ბაქტერიების ან სოკოების გამოყოფა და მათი ურთიერთქმედების შესწავლა, სხვა მიკროორგანიზმებთან და მათივე მასპინძელთან, არცთუ იოლი ამოცანაა.

თუმცა, გოტიემ და მისმა გუნდმა წარმატებით გათვალეს ერთ-ერთ მათგანზე, ზემოთხსენებულ „ლაქტობაცილაზე“ და ყურადსაღები შედეგებიც მიიღეს. კოლეგებთან ერთად, გოტიემ შეძლო ზუსტად აეხსნა, თუ როგორ მოქმედებს ბაქტერიების ეს ჯგუფი ქცევაზე და როგორ შეიძლება ბაქტერიების ნაკლებობამ გააუარესოს დეპრესია და შფოთვა. მათი აღმოჩენის მიხედვით, „ლაქტობაცილები“ ინარჩუნებენ ე.წ. იმუნური შუამავლის დონეებს, სახელწოდებით ინტერფერონი გამა, რომელიც არეგულირებს სხეულის რეაქციას სტრესზე და ეხმარება მას დეპრესიისგან თავის დაღწევაში.

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერებს შეეძლებათ დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციისა და მკურნალობის ახალი გზების შემუშავება, სადაც „ლაქტობაცილა“ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მაგალითად, პაციენტებმა, რომლებიც ებრძვიან დეპრესიას, ან მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, შეიძლება ერთ დღეს მიიღონ სპეციალურად შემუშავებული პრობიოტიკური დანამატები, რომლებიც მათ სასარგებლო „ლაქტობაცილის“ დონეებს დაუბალანსებს.

„ამ შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ ხელთ გვაქვს ახალი ინსტრუმენტები პრობიოტიკების განვითარების ოპტიმიზაციისთვის, რამაც უნდა დააჩქაროს აღმოჩენები ახალი თერაპიის მიმართულებით“, - აღნიშნავს ნაშრომის კიდევ ერთი ავტორი, დოქტორი ანდრეა რ. მერჩაკი. „რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, თუ როგორ შეიძლება შევისწავლოთ „ლაქტობაცილის“ და/ან გამა-ინტერფერონის ჯანსაღი დონის შენარჩუნება შფოთვისა და დეპრესიის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით“, - ამბობს ის.

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის ლიმიტების, ასევე სხვა საინტერესო დეტალების გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის „ტვინი, ქცევა და იმუნიტეტი“ (Brain, Behavior, and Immunity) იანვრის გამოშვებაში. მას ფსიქონეიროიმუნოლოგიის კვლევის საზოგადოება (PNIRS) ამზადებს და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლი გამოსცემს.

კვლევა ძირითადად დააფინანსა შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა. ამერიკის მთავრობის გრანტების გარდა, გამოყენებულ იქნა სახსრები ვირჯინიის უნივერსიტეტის მიკრობიომის ინიციატივიდან, ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების საპრეზიდენტო ფონდიდან, ოუვენსის ოჯახის და მილერების ოჯახის ფონდებიდან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG