"შეერთებული შტატები ვერ მოუწოდებს ვინმეს თავშეკავებისკენ, როცა თავად, ღაზაში ისრაელის ომს მხარს უჭერს", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ღაზის სექტორის საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეირანში, მის ინდოელ კოლეგასთან ერთად, სატელევიზიო პრესკონფერენციის დროს ამერიკის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, "არ დაუკავშირონ ამერიკის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბედს, რომელიც ეცემა".
ირანი მხარს უჭერს პალესტინის ისლამისტურ დაჯგუფება "ჰამასს", რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. პარალელურად, ოფიციალური თეირანი ამერიკას ღაზაში მიმდინარე ომში, ისრაელის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ამირაბდოლაჰიანმა თქვა, რომ ირანის მხარდაჭერილი ჰუთი მებრძოლები გააგრძელებენ თავდასხმებს წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე იქამდე, "სანამ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება".
„იემენის სანაის მაღალჩინოსნებმა [ჰუთის ლიდერებმა] გვითხრეს, რომ სანამ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ისინი გააგრძელებენ საჭირო ზომების მიღებას, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის გემების ან თელ-ავივისკენ მიმავალი გემების მოძრაობა“, - თქვა ირანის პირველმა დიპლომატმა.
თუმცა, ამირაბდოლაჰიანმა დასძინა, რომ ჰუთებმა დაარწმუნეს თეირანი, რომ "ისინი არ შეუქმნიან რაიმე პრობლემას საზღვაო უსაფრთხოებას".
პარასკევს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იემენელ ჰუთის მებრძოლებს "ტერორისტული" დაჯგუფება უწოდა. ბაიდენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, გემებმა და წყალქვეშა ნავებმა ღამით, იემენში, ჰუთის მებრძოლებზე, ათობით საჰაერო დარტყმა განახორციელეს.