ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ყირიმში რუსული სადესანტო გემი ააფეთქა, მოსკოვი ზიანს ადასტურებს


"ტელეგრამის" არხ @VentdeCrimee-ზე გავრცელებული კადრი, გადაღებული სავარაუდოდ 26 დეკემბერს უკრაინის საჰაერო ძალების იერიშის შემდეგ, პორტი ფეოდოსია, ყირიმი, უკრაინა.
"ტელეგრამის" არხ @VentdeCrimee-ზე გავრცელებული კადრი, გადაღებული სავარაუდოდ 26 დეკემბერს უკრაინის საჰაერო ძალების იერიშის შემდეგ, პორტი ფეოდოსია, ყირიმი, უკრაინა.

უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო საზღვაო ხომალდზე ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა იერიში. სადესანტო გემი ყირიმში იყო გაჩერებული და თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ეს შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის მიერ სხვა ტერიტორიების დაპყრობისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, გამოცემა "ინტერფაქსის" ცნობით, ამბობს, რომ უკრაინამ ყირიმში ფეოდოსიას პორტს დაარტყა და დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" დააზიანა.

კრემლის თანახმად, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მაიწოდა. რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს მოახდინა.

უკრაინის საჰაერო ძალების პრეს-სპიკერი იური იჰნატი ამბობს, რომ მისი აზრით, "ნოვოჩერკასკის", რომელსაც ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გადატანა შეუძლია და ხმელეთზე დესანტის გადასასმელად გამოიყენება, ექსპლუატაციაში დაბრუნება ძალიან გართულდება.

"ჩვენ დავინახეთ, რამდენად ძლიერი იყო აფეთქება, როგორ გამოიყურებოდა ის. ამის შემდეგ, ძალიან ძნელია, რომ გემი გადარჩეს, რადგან ეს არ იყო რაკეტა, ეს ამუნიციის აფეთქება იყო", - უთხრა მან "რადიო თავისუფლებას”.

უკრაინამ თავდასხმისას ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა, თუმცა იჰნატი არ აკონკრეტებს, უშუალოდ რა ტიპის. კიევს ამგვარი რაკეტები ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიაწოდეს.

რუსეთი არაერთხელ მიანიშნებდა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მეტი ტერიტორიის მიტაცება სურს. პრეზიდენტმა პუტინმა დეკემბრის დასაწყისშიც თქვა, რომ ოდესა "რუსული ქალაქი იყო". ოდესა უკრაინის საზღვაო ძალების მთავარი პორტია და მარცვლეულის ექსპორტშიც უდიდეს როლს ასრულებს.

შავი ზღვა და რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:19:25 0:00

"ტელეგრამ" არხებზე და რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ კადრებში, რომლებიც ავტორების მითითებით პორტშია გადაღებული, აჩვენებს ძლიერ აფეთქებებს და გემზე გაჩენილ ხანძარს. არსებობს ვიდეოებიც, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მაგრამ აღწერს ღამით მომხდარ დიდ აფეთქებას და ცეცხლის ალს. ასევე დაუზუსტებელ კადრებში, რომლებიც უკვე დღისითაა გადაღებული, უკრაინელი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ სწორედ გემის ნამსხვრებები და ცეცხლის ალი ჩანს.

ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი სერგეი აკსიონოვი ამბობს, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო "რია" აცხადებს, რომ 4 ადამიანი დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის კონტრიერიში უკრაინის მხრიდან სერიოზული წარმატების გარეშე მიმდინარეობდა, კიევმა მოახერხა არაერთ მნიშვნელოვან სამიზნეზე იერიშის მიტანა, განსაკუთრებით კი ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განლაგებული, და რომელიც რამდენჯერმე დააზიანეს. ააფეთქეს რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი, პორტის ნაწილები, საწყობები და რუსეთ-ყირიმის დამაკავშირებელი ხიდიც.

ომის განმავლობაში რუსეთი საკუთარ ფლოტს უკრაინისთვის შავი ზღვის გამოყენების შესაზღუდად იყენებდა. ეს ფოლადისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ექსპორტისთვის უდიდესი პრობლემა იყო. ეს ექსპორტი კი თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის "ტელეგრამ" მიმართვაში სარკასტულად შენიშნა, რომ საჰაერო ძალებმა სადესანტო გემის დაზიანებით რუსეთის წყალქვეშა ძალები "გააძლიერა".

XS
SM
MD
LG