გერმანიის პროკურატურამ 27 ადამიანს ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისა და სახელმწიფო ღალატის მომზადებისთვის ბრალი წაუყენა. პროკურატურის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ერთი წლის წინ ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრების დაკავება, რომლებიც ძალადობრივი გადატრიალების მოწყობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
„რაიხსბუერგერების“ ჯგუფი ["რაიხის მოქალაქეები"] თანამედროვე გერმანიის ლეგიტიმურობას არ სცნობს. პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, მათ ახალი სახელმწიფოს მოწყობა სურდათ, რომელსაც არისტოკრატი ჰაინრიხ XIII პრინც როისი უხელმძღვანელებდა.
ბრალდების თანახმად, ორგანიზაცია ბერლინის პარლამენტში შეიარაღებული ჯგუფის გაგზავნას გეგმავდა დეპუტატების დასაკავებლად და მმართველობის სისტემის დასამხობად. ამ მიზნის მისაღწევად, მათ უკვე დაკომპლექტებული ჰქონდათ სამხედრო პერსონალისგან შემდგარი დანაყოფი, შეძენილი ჰქონდათ იარაღი და არაერთი სამხედრო წვრთნა ჰქონდათ ჩატარებული.
„ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მათი გეგმა ხალხის დახოცვასაც მოიცავდა“, - ნათქვამია პროკურორების განცხადებაში, სადაც აღწერილია ბრალდებები, რომლებიც მათ ოფიციალურად წარუდგინეს.
ჯგუფი მიზნად ისახავდა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიარაღებული ძალების შექმნას და მის წევრებს შედგენილი ჰქონდათ „მტრების სიები“.
პროკურატურა აცხადებს, რომ მათ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ევროს ფინანსური რესურსი და "იარაღის უზარმაზარი არსენალი" ჰქონდათ. ეს მოიცავდა: 380 ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს, 350 ცივ იარაღს, დაახლოებით სხვა 500 სახის იარაღსა და 148,000 ერთეულ სხვადასხვა კალიბრის ვაზნას.