ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან. ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
კაია კალასი უკრაინის ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ "ბოლო კოლონიურ ომში"უნდა დამარცხდეს" იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს.
პრემიერ კალასს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ შაბათს, 18 ნოემბერს, საღამოს 5:30-ზე "ამერიკის ხმის" ყოველკვირეულ გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან", "ტვ-პირველის" ეთერში.
ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობას? როგორია ზოგადი მდგომარეობა?
კაია კალასი: ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არ არის ჩიხი, არამედ დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა რუსეთს აჯობებს.
ხალხის თვალსაზრისით - ევროპა 30-40 ათას ჯარისკაცს ამზადებს. თუ ამერიკაც იგივეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებიც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან იგზავნება. ასე რომ ჩვენ, ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ.
რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ.
სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ.
და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების.
თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან.
ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას? რამდენად მდგრადია ის და რამდენად გაერთიანებული არიან ამ ძალისხმევაში მოკავშირეები?
კაია კალასი: პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დიდი მხარდაჭერა გაუწია. შეიძლება ითქვას, რომ ევროპა შედარებით ჩამორჩებოდა ამერიკას, მაგრამ ევროპამ ახლა ტემპს მოუმატა. ამ დროისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და ყველა სხვა სახის დაპირებულ დახმარებას თუ გავითვალისწინებთ, აბსოლუტურ რიცხვებში, ევროპის მიერ გაწეული დახმარება ამერიკის დახმარებას აღემატება.
ევროპის ყველა ლიდერმა თავისი პოლიტიკური ნება ჩადო უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან მსოფლიოში მშვიდობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ აგრესიამ შედეგი არ გამოიღოს. რადგან, მსოფლიოში ყველა აგრესორი ან პოტენციური აგრესორი, სიტუაციას გულდასმით აკვირდება. თუ რუსეთს დარჩება მეტი ტერიტორია ვიდრე ომამდე ჰქონდა და ჩვენ მათ ამის უფლებას მივცემთ, მაშინ ყველა აგრესორი ასე მოიქცევა და იტყვის, რომ ეს მუშაობს, რომ აგრესია ამართლებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი აგრესიის მოწმეები გავხდებით, რაც უფრო ძვირი იქნება, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა იმისთის, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდეს. მე სრულიად ვეთანხმები ისტორიკოს ტიმოთი სნაიდერს, რომელმაც თქვა, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს უკეთესი, ის უნდა დამარცხდეს საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში. თუ ევროპის ქვეყნებს შევხედავთ, ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ასე მოხდა. რუსეთს არასოდეს წაუგია მისი უკანასკნელი კოლონიური ომი.
ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ ამერიკის ერთგულებას ამ ძალისხმევის მიმართ, რომ დაეხმაროს უკრაინას გადარჩეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა?
კაია კალასი: ამერიკა უკრაინის მხარდამჭერას ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ეს ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დემოკრატული ქვეყნები ვართ და საკუთარი გამოწვევებიც გვაქვს. ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მიმდინარეობს, რომელმაც ყურადღების დიდი ნაწილი მიიპყრო და გადაიტანა იმისგან, რაც უკრაინაში ხდება. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად არ უნდა დავუშვათ უკრაინისგან ყურადღების გადატანა. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. მე წავიკითხე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვაც, რომელიც ხაზს უსვამს იმავეს და ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად დავუჭიროთ მხარი ისრაელს და უკრაინას.
ამერიკის ხმა: ახლა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დებატებს ვაკვირდებით, უკრაინა ხშირად არის განხილვის საგანი. არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინისთვის ამერიკა ევროპაზე მეტს აკეთებს და რომ შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი საზღვრის დაცვაზე უნდა იზრუნოს და არა უკრაინის. როგორ უპასუხებდით ამ არგუმენტს?
კაია კალასი: დასაწყისში ამერიკა უფრო მეტს აკეთებდა ვიდრე ევროპა, მაგრამ ახლა ევროპულმა ქვეყნებმა ტემპს მოუმატეს. ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და იძლევიან სამომავლო დაპირებებს, რაც აღემატება შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ასე რომ, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით. როცა ამერიკელ ლიდერებს, ორივე პარტიის წარმომადგენლებს შევხვდები, აუცილებლად მოვუსმენ მათ ძალიან დიდი ყურადღებით იმის გასაგებად, თუ რა არგუმენტები არსებობს უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმისთვის.
ჩემთვის კითხვა ყოველთვის ეხება ალტერნატივას -- უფრო ძვირია თუ უფრო იაფია ის? უკრაინის მხარდაჭერის ალტერნატივა [უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა] უფრო ძვირია, რადგან როგორც ვთქვი, ყველა ბოროტად განწყობილი ძალა ყურადღებით ადევნებს ყველაფერს თვალს - ირანი, ჩრდილოეთ კორეა. თუ რუსეთს ამ ყველაფრის შემდეგ არაფერი მოუვა, მიიტაცებს ტერიტორიებს და არ წააგებს ბოლო კოლონიალურ ომს, მაშინ სხვებიც შეეცდებიან იგივეს გაკეთებას მსოფლიოში და ეს საზიანო იქნება მსოფლიო მშვიდობისთვის.
ამერიკის ხმა: სანამ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა, თქვენ საქართველოზე რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ. როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე ახლა? როგორ ხედავთ საქართველოს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით, მის ევროკავშირთან დაახლოებას?
კაია კალასი: ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან.
ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.